„პაველ ჰერჩინსკის დღევანდელი განცხადება მორიგ ჯერზე იმის მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ საქართველოში თავისი წარმომადგენლები ჰყავს, მათ შორის, ევროკავშირის ელჩის სახით“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, „ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ [საქართველოს მიმართ] სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება იქნება მიღწეული.“
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დღევანდელი განცხადებით საერთოდ წერტილი დაუსვა დიპლომატიას, რომელზეც, სამწუხაროდ, თავადვე თქვა უარი.
„ევროკავშირის ელჩი იმისთვის ზის საქართველოში, რომ ჩვენს დასანქცირებაზე იზრუნოს? ელჩი ნიშნავს სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თბილი ურთიერთობების აწყობაზე ზრუნავს. ამ ფონზე, როგორი რიტორიკა აქვს ევროკავშირის ელჩს? გარდა იმისა, რომ ორმაგ სტანდარტის მქონე განცხადებებსაც ხშირად აკეთებს.
მოდით, გავახსენოთ საზოგადოებას 27 ელჩის დემარში იუსტიციის მინისტრთან, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ მოხდა, რა დროსაც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ იმ მიზეზით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოკვდებოდა. სააკაშვილის ე.წ. სიკვდილიანობასთან დაკავშირებით ვინმემ ბოდიში მოიხადა? ან, იმასთან დაკავშირებით მოიხადა ვინმემ ბოდიში, რომ საქართველოში ძალადობრივი აქციები ჩატარდა? როცა ამგვარი აქციების დროს გერმანიასა თუ საფრანგეთში ზოგი მოკლეს, ასობით დააკავეს, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებისთვის პატიმრობის დროის გაზრდას მოითხოვენ და ა.შ.
ამ დროს კი, საქართველოში ვინც „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდა პოლიციელს, იმას გმირს უწოდებდნენ. ეს ხომ ორმაგი სტანდარტია? დღევანდელი განცხადებით კი ელჩმა ჰერჩინსკიმ საერთოდ წერტილი დაუსვა დიპლომატიას, რომელზეც, სამწუხაროდ, თავადვე თქვა უარი. ამით ჩანს, რომ „დიფ სთეითი“ ისევ იბრძვის იმისთვის, რომ მშვიდობა არ ჩამოყალიბდეს უკრაინაში, საქართველო კი რუსეთთან კონფლიქტის ალტერნატივად განიხილებოდეს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.