14 მაისი, ოთხშაბათი, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ერთად წინ აღუდგა მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც Deep State-ის აგენტურა აღმოჩნდა და ახლა სწორედ ისინი ცდილობენ ის ხელისუფლება ისევ უკან შემოაბრუნონ

„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა საქართველოს მორჩილებისათვის მაშინაც აწყობდათ და დღესაც სჭირდებათ. 2012 წლის საარჩევნო შედეგებიც მათთვის მიუღებელი იყო და ამიტომ, არც ბიძინა ივანიშვილს, არც მის გუნდს და რაც მთავარია, საზოგადოებასაც არ ჰპატიობენ მაშინდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. პარლამენტმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადება მიიღო.

ხუნდაძის თქმით, ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღების საჭიროება განაპირობა სწორედ იმ ურთულესმა რეალობამ და უსამართლობამ, რაც დღესდღეობით საქართველოს წინაშე დგას. „საქართველო ზოგადად მიჩვეულია ისტორიულად პრობლემების მოგვარებას და რეგიონში ყველა სირთულე დროულად აქვს სწორად განსაზღვრული და გადაჭრილი. სწორედ ამიტომ, საქართველოს აქვს სამიათასწლიანი ისტორია. ეს პრობლემები მართალია ისტორიული წარსულიდან იწყება, მაგრამ, მე ბოლო პერიოდს, 90-იან წლებს შევეხები. ურთულესი გზა გაიარა ქვეყანამ საბჭოთა პერიოდში. საბჭოთა მბრძანებლური მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მიუღებელი იყო და საზოგადოებამ სწორედ მაშინ თქვა ასეთ კავშირზე უარი. თუმცა, მას შემდეგ სხვათა მეგობრობაც არ აღმოჩნდა გულწრფელი და მბრძანებლური ტონი საქართველოს მიმართ ახლა სხვა ენაზე და სხვა კავშირიდან ისმის.

2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ერთად წინ აღუდგა მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც Deep State-ის აგენტურა აღმოჩნდა და ახლა სწორედ ისინი ცდილობენ ის ხელისუფლება ისევ უკან შემოაბრუნონ: აგზავნეს საქართველოში ძალიან ბევრი ფული, მიიღეს საზიანო რეზოლუციები, სცადეს რამდენიმე რევოლუციის მოწყობა, იყო მცდელობა „მაიდანის“ და სცადეს ასევე ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეეცვალათ…

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა საქართველოს მორჩილებისათვის მაშინაც აწყობდათ და დღესაც სჭირდებათ. 2012 წლის საარჩევნო შედეგებიც მათთვის მიუღებელი იყო და ამიტომ, არც ბიძინა ივანიშვილს, არც მის გუნდს და რაც მთავარია, საზოგადოებასაც არ ჰპატიობენ მაშინდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა როლო შეასრულა „ხალხის ძალამ“ იმისათვის, რომ ქვეყნის წინაშე შექმნილი გამოწვევებისათვის საზოგადოება მზად ყოფილიყო. „უკრაინის ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველოზე ზეწოლა გაძლიერდა და საჭირო გახდა საზოგადოებას სცოდნოდა უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე აქამდე იცოდა. „ხალხის ძალა“ აქ, რა თქმა უნდა, იყო წინა ხაზზე და მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საზოგადოებას ამ ურთულეს ვითარებაში სწორი პოზიციონირება შეძლებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სირთულეები კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა.

3 წლის შემდეგ [უკრაინაში ომის დაწყებიდან] იგივე რისკებზე ალაპარაკდა აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია და ამხილა Deep State-ის ავი ზრახვები. საქართველოშიც გაჩნდა უკეთესი მომავლის მოლოდინის განცდა, მაგრამ, ფსევდოლიბერალების დამარცხება ტრამპის ადმინისტრაციასაც გაუჭირდა, ან სათანადოდ არ მოინდომა. საქართველოსთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების შეთავაზებაც გაკეთდა, მაგრამ, რატომღაც ჩვენთვის დღემდე ვერ მოიცალეს. არადა, როდესაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, მაშინ ძალადობისთვის უკრაინის შემდეგ საქართველო მეორე რიგში დააყენეს. მას შემდეგ ყოველდღიურად აიძულებდნენ და ცდილობდნენ ხელში შეეჩეჩებინათ მეორე ფრონტი. როგორც ჩანს, საქართველო ძალიან ბევრს, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, დასავლეთსაც სჭირდება რუსეთთან ანგარიშსწორებისათვის. ჩვენი ქვეყნის ინტერესს ნაკლებად ითვალისწინებენ. სამტროდ უკრაინის შემდეგ მეორე ვიყავით და სასიკეთოდ, ბოლოსთვისაც ვერ მოიცალეს ჩვენთვის, მაგრამ იმედს ვიტოვებ (ქართველები ოპტიმისტი ხალხი ვართ, მაგრამ უსამართლობას ვერ მივიღებთ), რომ სამართლიანობა და სიმართლე არც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გამონაკლისი და მსოფლიო დღის წესრიგს საქართველოს წესრიგიც მიუერთდება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები