[ევაკუაციას] თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილება სჭირდებოდა. იაკობაშვილი იყო მაშინ თანათავმჯდომარე, უნდა ჩამობრძანებულიყო ცხინვალში, მოეწვიათ თათბირი და საერთო გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, რომ ასეთი ღონისძიება ჩატარებულიყო. [თანათავმჯდომარეები] რუსეთის მხრიდან იყო პოპოვი, აქედან [ცხინვალიდან] ჩოჩიევი ჰყავდათ, – ამის შესახებ 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
2008 წლის აგვისტოს ომის საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა, ყურაშვილის ამ განცხადებაზე დამაზუსტებელი შეკითხვა დასვა, რატომ დასჭირდა ქართულ მხარეს სამმხრივი ფორმატი მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მეორე მხარემ ამის გარეშე მოახერხა იგივე.
“თუ იმ მხარეს არ დასჭირდა სამმხრივი ფორმატი იმისთვის, რომ თავისი მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა, ჩვენ რატომ დავისაჭიროეთ სამმხრივი ფორმატი? თუ ეს ახლა უცბად, სპონტანურად მოიფიქრეთ?” – მიმართა წულუკიანმა ყურაშვილს, რაზეც სამშვიდობო ოპერაციების შტაბის იმდროინდელმა უფროსმა განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ ამის ფუფუნება, ქართულ მხარეს კი – არა.
“მათ მაგის ფუფუნება ჰქონდათ, ჩვენ არ გვქონდა მაგის ფუფუნება, არ გვაძლევდნენ მაგის საშუალებას, კონფლიქტის ზონაში რომ შევსულიყავით. იგივე მეღვრეკისის საგუშაგო გაგევლო, ტირძნისიდან ასულიყავი ერედვში, გადასულიყავი კოლონით, ორგანიზებული გამოსვლა ჩაგეტარებინა, ამის საშუალებას არ მოგცემდნენ და ეს იქნებოდა აღქმული როგორც ომის დაწყება.” – აღნიშნა მან.
თეა წულუკიანი დაინტერესდა, მამუკა ყურაშვილმა ეს პასუხი ახლა მოიფიქრა თუ მაშინ ითქვა, რომ ამ მიზეზით არ მოხდებოდა მოქალაქეების ევაკუაცია, რაზეც ყურაშვილმა დაადასტურა, რომ ეს მისი აზრია, რომელიც ახლა მოიფიქრა.