2003 წელს, ოქტომბრის შემდგომ, დიდი ცვლილებები ჯარში არ ყოფილა, ჯარში ძირეული ცვლილებები დაიწყო ბარამიძის დანიშვნიდან, თარიღს ზუსტად ვერ გეტყვით. მან მოიყვანა თავის მდივნად ლაკა ხოშტარია და მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარიდან უნდა იყოს გაშვებული ყველა, ვინც ომობდა საქართველოსთვის ცხინვალისა თუ აფხაზეთის ომებში, ანუ ვეტერანები, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.
ქოიავას განცხადებით, ის იმყოფებოდა შეხვედრაზე, სადაც ბრიტანელებმა გამოაგზავნეს თავდაცვის სამინისტროში სამუშაო კომისია, რომელიც განმარტავდა, რომ ვეტერანების ჯარიდან გაშვება ასე უკონტროლოდ არ შეიძლება.
„აქ ყველაზე აქტიური იყო ხოშტარია. მაშინ მე მქონდა პოზიცია ადამიანური რესურსების მართვაში, ვიყავი მინისტრის მრჩეველი სამედიცინო, სოციალურ და ვეტერანების საკითხებში – აქედან გამომდინარე, მეც მოვხვდი შეხვედრაზე, სადაც ბრიტანელებმა გამოაგზავნეს კომისია თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ, სადაც ისინი განმარტავდნენ, რომ ვეტერანების ჯარიდან გაშვება ასე უკონტროლოდ არ შეიძლება, საჭიროა მათი გადამზადება, მათთვის რაღაც პროფესიების შეძენა და უზრუნველყოფა იმით, რომ ისინი სამოქალაქო სექტორში დასაქმდნენ, ან შექმნან საკუთარი ბიზნესი. იქ იყო ახსნა, ხიფათი იმისა, რომ ეს ხალხი არის ომში ნამყოფი, იარაღს, ბრძანების შესრულებას შეჩვეული და შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შექმნან შეიარაღებული დაჯგუფებები. უნდა მოგახსენოთ, რომ ბარამიძის დროს ვეტერანების ტოტალური გაშვება არ მოხდა, ტოტალური გაშვება უკვე მოხდა ოქრუაშვილის დანიშვნისას, რომელმაც ერთი ბრძანებით გაუშვა 2000-ზე მეტი ოფიცერი,“ – განაცხადა ლაშა ქოიავამ.