რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ლოგიკურია, რომ მათ არ სურთ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. იციან, რომ მათი რეიტინგი არის ყველაზე მსუბუქად, რომ ვთქვათ განახევრებული იმ რეიტინგთან შედარებით, რაც ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებზე, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ მისსავე ამომრჩეველს გაუწბილა იმედები, ამიტომ რადიკალებმა იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებში სასტიკად დამარცხდებიან.
„ვინაიდან არ მიიღეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა, გაუწბილეს ამომრჩეველს იმედი, ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დადეს და ამაშიც გაუწბილეს იმედები. აგრძელებენ დესტრუქციას და პირდაპირ ღიად აცხადებენ, სამარცხვინოდ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ის, რომ გამოიწვიონ ხელოვნური კრიზისი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეკონომიკური დესტაბილიზაცია. ამის ფონზე მათ იციან კარგად, რომ სულ პატარა წარმატებასაც ვერ მიაღწევენ. საპარლამენტო არჩევნების დროს, რა თქმა უნდა 61 მანდატი სახუმარო საქმე არ იყო და ეს შეგვიძლია მათ წარმატებად ჩავუთვალოთ მაგრამ ახლა იციან, რომ განადგურდებიან, გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხებთ „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში. არ უნდათ, რომ ეს ყველაფერი ლუსტრირებული იყოს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მიუხედავად დაბალი რეიტინგისა ოპოზიცია თავად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ამას წყვეტენ მათი „პატრონები უცხოეთიდან“.
მისივე განმარტებით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლა ერთმანეთში კინკლაობით არიან დაკავებულები ვერ იტანენ ერთმანეთს მაგრამ იმოქმედებენ იმის მიხედვით, რასაც „დიფ სთეითი“ უკარნახებს.
„მეორე ნაწილიც არის, რომ მაშინ როდესაც პრემიერს და პრეზიდენტს, ვინც ჩანიშნა ეს არჩევნები არალეგიტიმურად მოიხსენიებენ, მაშინ დგება მათი თავმოყვარეობის საკითხი ისევ მათივე ამომრჩევლის თვალში, რომ რანაირად უნდა მიიღონ ასეთ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა მათ რა თქმა უნდა, პოლიტიკური თავმოყვარეობა არ გააჩნიათ და ამ ნაბიჯსაც გადადგამენ ინსტრუქცია შესაბამისი თუ წამოვიდა.
მათი გარე უფროსები, „დიფ სთეითი“, რომელიც დაკავებული არის უფრო მსხვილი საკითხებით ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიცია არის საქართველოში, როგორც კი მოიცლის მათთვის და ინსტრუქციებს გამოუშვებს, მოუწევთ რა თქმა უნდა ამ ინსტრუქციებით მოქმედება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.