დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ კასპში მოქმედ სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდულ ცენტრ „მომავლის“ ბენეფიციარებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბენეფიციარების განწყობაზე სპეციალურად მოწვეულმა ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. წარმოდგენამ ისინი ძალიან გაამხიარულა. ღონისძიებაზე გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი და სადილიც გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ამ დღის აღსანიშნავად ყველა მათგანს საჩუქრები გადასცა.
„კასპის მუნიციპალიტეტის მერია დაარსების დღიდან მეგობრობს სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდულ ცენტრ „მომავალთან“. ჩვენი მიზანი მათი მხარდაჭერა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მერია დაუნის სინდრომის მქონე ბენეფიციარებზე ყოველწლიურად ერთჯერად 400 ლარის დახმარებას გასცემს, ხოლო რეაბილიტაციისათვის 1 000 ლარს“, – აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.