12 მარტი, ოთხშაბათი, 2025
12 მარტი, ოთხშაბათი, 2025

სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდენად განესაზღვროს ცხრა წლის თავისუფლების აღკვეთა და სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან, 2025 წლის 12 მარტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი“, – განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლემ აქვე განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

„თეიმურაზ ჯანაშიას ქმედება დაკვალიფიცირებული სსსკ-ის 332-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს სსსკ-ის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე. თეიმურაზ ჯანაშია ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 300 ათასი ლარის ოდენობით. მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

განაჩენი ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, შეწყალების მოთხოვნით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს“, – განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა. წარდგენილ ბრალდებაში ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები