სერბეთში ოპოზიციამ პარლამენტის პლენარული სხდომის დროს ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც სხდომა გახსნილად გამოცხადდა, ხოლო მმართველმა კოალიციამ სერბეთის „პროგრესული პარტიის“ ხელმძღვანელობით დღის წესრიგი დაამტკიცა, რამდენიმე ოპოზიციონერი პარლამენტის სპიკერს მიუვარდა და დაცვას ჩხუბი დაუწყო, ხოლო ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა. მოგვიანებით პარლამენტის სპიკერმა ანა ბრნაბიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთმა, იასმინა ობრადოვიჩმა ინსულტი გადაიტანა და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
„პარლამენტი მუშაობას და სერბეთის დაცვას გააგრძელებს“, – თქვა სერბეთის პარლამენტის სპიკერმა.
სააგენტოს ცნობით, ამ ჟესტით ოპოზიციამ პროტესტი გამოუცხადა ქვეყნის მთავრობის პოლიტიკას და მხარდაჭერა აღუთქვა სტუდენტებს, რომლებიც რამდენიმე თვეა ბელგრადის ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავენ.
როგორც Reuters-ი იუწყება, სამშაბათის სხდომაზე სერბეთის პარლამენტს უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების გაზრდის კანონპროექტზე უნდა ემსჯელა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მილოშ ვუჩევიჩის განცხადება გადადგომის შესახებ ცნობად უნდა მიეღო.