„ჩვენთან უბრალოდ წარმოუდგენელია პროკურატურაში იჩივლო იმის გამო, რომ ვიღაცამ ვიღაცას სულელი უწოდოს (როგორც ეს მოხდა ბერბოკის შემთხვევაში). არათუ საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს ამას, არამედ ჩვენ ასეთი რამის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ისაუბრა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტებზე საქართველოსა და ევროპაში და აღნიშნა, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს მცირედი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამოც კი პროკურატურაში უჩივიან, საქართველოს არ უნდა ასწავლიდნენ, რა არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და რა არის ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვა.
„მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ამ სფეროს მოწესრიგება იმიტომ, რომ არ არსებობს ადამიანის ღირსებაზე უფრო დიდი ღირებულება და გარდა ადამიანის ღირსებისა, უამრავი სფეროა, რომელსაც ჭირდება დაცვა – ეს არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, არასრულწლოვნების დაცვა, ცილისწამებისგან ადამიანის დაცვა, ხშირ შემთხვევაში ადამიანის საქმიანი რეპუტაციის შელახვა და განადგურება. საქართველოში ასეთი რამეებისგან ადამიანი სრულიად დაუცველია. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანობას ვკარგავთ. ადამიანი გაირყვნა და გაიხრწნა. არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ ალბათ ეს სიტყვა ყველაზე კარგად გამოხატავს იმას, რაც დღეს ხდება საჯარო სივრცეში – სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიაში. ერთ ადამიანი მეორეს (ჟურნალისტი იქნება, თუ პოლიტიკოსი, რა მნიშვნელობა აქვს), ისე აბრალებს წარმოუდგენელ ტყუილს, რომ პასუხისმგებლობის საერთოდ არ ეშინია. შემდეგ კი ხდება ამის ტირაჟირება მუდმივად. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს რეგულირება.
არ გავიმეორებ იგივეს, რაც დღეს ბატონმა გურამ მაჭარაშვილმა წაიკითხა, მაგრამ ძალიან საინტერესო ციფრები მოიყვანა მან და მისი დღევანდელი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე წინადადებას მოვიყვან. სამი წლის განმავლობაში 513-ჯერ იჩივლა ანალენა ბერბოკმა შეურაცხყოფის გამო. ოღონდ იჩივლა არა სასამართლოში, არამედ პროკურატურაში და ადამიანებზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ხოლო მისმა კოლეგამ 805-ჯერ იჩივლა, ანუ დაახლოებით დღენახევარში ერთხელ ანალენა ბერბოკი მიდიოდა პროკურატურაში ვიღაცის წინააღმდეგ საჩივლელად.
ჩვენთან უბრალოდ წარმოუდგენელია პროკურატურაში იჩივლო იმის გამო, რომ ვიღაცამ ვიღაცას სულელი უწოდოს (როგორც ეს მოხდა ბერბოკის შემთხვევაში). არათუ საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს ამას, არამედ ჩვენ ასეთი რამის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია.
აქვე ვიტყვი, დაახლოებით წლინახევრის წინ იყო შემთხვევა, როდესაც მოქალაქეს საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა უჩივლა იმის გამო, რომ მან ნაგავს შეადარა მაკრონი. ოღონდ აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანმა პირდაპირ კი არ თქვა, რომ მაკრონი ნაგავია. ის იდგა ნაგვის ფონზე, ხელი გაიშვირა ნაგვისკენ და სოცქსელში, თავის „ფეისბუქ“ გვერდზე დადო სტატუსი – ეს ნაგავი უნდა გავიტანოთო. ამ საქმეში ნათქვამი იყო, რომ მის ამ ნათქვამში იგულისხმებოდა მაკრონი და ამ ადამიანს სამწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.
მახსოვს ასევე ასეთი შემთხვევა, როდესაც შევარდნაძის დროს სისხლის სამართლებრივი დევნა იყო დაწყებული ქალბატონ კლარა შუკვანზე იმის გამო, რომ ხელში ეჭირა ბანერი, რომელზეც შევარდნაძის შეურაცხმყოფელი სიტყვები ეწერა. მაშინ ეს იყო აქტუალური თემა, როგორ შეიძლება ასეთი რამის გამო ადამიანი დაისაჯოს. ეს არის 30 წლის განმავლობაში, ანუ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა. დასავლეთში კი შეურაცხყოფის გამო 500 საქმე ერთ მაღალჩინოსანს აქვს აღძრული პროკურატურაში, მეორეს – 800, ხოლო სამი წლით პატიმრობა ემუქრებოდა ქალბატონს, რომელმაც მაკრონი არაპირდაპირ შეადარა ნაგავს.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ზუსტად ასეთი მკაცრი კანონები გადმოვიტანოთ, მაგრამ ნურავინ იტყვის ჩვენზე იმას, რომ ის, რაც ადამიანის ღირსების დაცვა არის ევროპაში, საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.