ერთადერთი გამომსვლელი, რომელმაც საქართველოს საკითხი ახსენა, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი თუ ავადსახსენებელი, ჯო უილსონი, რომელიც ყველამ კარგად იცის, რომ დღეში რამდენიმე ტვიტს წერს ისე, რომ მას საქართველოს შესახებ დიდი ინფორმაცია არც არასდროს ჰქონდა და არც ახლა აქვს, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.
მისივე თქმით, სესიის დარბაზში წარმოდგენილი იყო 57 ქვეყანა და ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის გამოსვლას არ მოჰყოლია არც ერთი ქვეყნის წარმომადგენლის მოწონება.
„გასაგებია, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ეს არის ლობიზმის შედეგი და ალბათ, ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ „ფარაზე“ გამოქვეყნებულ მის სახელსა და გვარს. იცით, ამას რამდენიმე თვე სჭირდება-ხოლმე. რომ შემდეგ ეს ანგარიში გამოქვეყნდეს. ამიტომ, ამას მე დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი, რადგან ის იყო ერთადერთი გამომსვლელი, რომელმაც საქართველოზე ისაუბრა. ილაპარაკა ის, რასაც ტვიტებში წერს.
როდესაც „გულანთებულად“ საუბრობენ რუსეთის ოკუპაციაზე და თითქოს, მათ საქართველოს ბედი აღელვებთ, ამავდროულად არავის არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, აფხაზეთში წინა შაბათს გამართულ არჩევნებზე, რომელიც არის უკანონო, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, რუსეთის ხრიდან, მათ შორის, თუმცა არც ერთ საქართველოს ამ მხარდამჭერს არც კი გახსენებია, რომ დაეგმო აფხაზეთის არჩევნები და ოკუპაციის ეს გამოვლინება, რაზეც მე მას მივუთითე. დარბაზში წარმოდგენილია 57 ქვეყანა და ჯო უილსონის გამოსვლას არ მოჰყოლია არც ერთი ქვეყნის მოწონება. ეს ძალიან ნათელი იყო, რადგან ამ დარბაზში ყველამ ძალიან კარგად იცის, ძალიან ბევრი მათგანი თავად იყო დამკვირვებელი და ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა.