21 თებერვალი, პარასკევი, 2025
21 თებერვალი, პარასკევი, 2025

გურამ მაჭარაშვილი: თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები კვერცხებს ისვრიან, ეს ევროპულია, ხოლო თუ კვერცხებს მათ ლიდერებს ესვრიან, ეს უკვე ანტიევროპულია?

როგორც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოცემულ თუ გაკეთებულ განცხადებებს, ასევე, ორმაგ სტანდარტებს ვებრძოდით ყოველთვის, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას მიმართ კვერცხების სროლის თემაზე კომენტირებისას.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ორმაგ სტანდარტებს იყენებენ, რადგან თავად როცა იმავეს სჩადიან, ამას ევროპულ სტანდარტს უწოდებენ.

„როცა საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიმართ კვერცხების სროლაზე, რამდენიმე თვის წინ კი კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თუ „იმედის“, „პოსტივისა“ და პირველი არხის თანამშრომლებს კვერცხები ესროლეს, ეს ევროპული სტანდარტიაო, ეს ორმაგი სტანდარტია. დღეს რა ნამუსით კითხულობენ, კვერცხების სროლა უნდა დაისაჯოს თუ არა? ანუ, გამოდის, რომ თუ კოლექტიური ნაცმოძრაობის აქტივისტები კვერცხებს ისვრიან, ეს ევროპულია, ხოლო თუ კვერცხებს მათ ლიდერებს ესვრიან, ეს უკვე ანტიევროპულია? ამას გარდა, 84 დეპუტატს 84 ტყვიას რომ უსურვებდნენ, ბულინგი რომ მიმდინარეობდა, პოლიციელები რომ დაშავდნენ და ა.შ., ამასთან დაკავშირებით ვინმეს ჰქონდა რაიმე ტიპის კითხვა ან პრეტენზია?

ეს ორმაგი და სამმაგი სტანდარტები დაუშვებელია. თან, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებმაც საჯაროდ უღალატეს თავის ქვეყანას – გამოდიოდნენ და ზიზღს ვერ მალავდნენ მის მიმართ. რა თქმა უნდა, კვერცხის სროლა თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა არ არის მისაღები და სასიამოვნო, მაგრამ როცა შენ პიროტექნიკას და მოლოტოვის კოქტეილს ესვრი, ჩადიხარ ბრიუსელში და შენს ქვეყანას აშავებ და შეურაცხყოფას აყენებ მილიონზე მეტ ამომრჩეველს, უკაცრავად და რას ელოდები – მადლობას რომ გეტყვის ეს ხალხი?“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჯეფრი საქსი: 2021 წელს მე...