ჩვენ გარკვეული დროის განმავლობაში გვიჭირდა ამაზე საუბარი, რომ მაგალითად, პრემიერ-მინისტრს კაბინეტში ესაუბრებოდნენ უხეშად, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და პირდაპირ იყო მცდელობა, ძალდატანებით, ხელების გადაგრეხით, ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი, – განუცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
„ძალიან მძიმე იყო ის ყველაფერი, რის წინაშეც აღმოვჩნდით. ჩვენ გარკვეული დროის განმავლობაში გვიჭირდა ამაზე საუბარი, როდესაც, მაგალითად, პრემიერ-მინისტრს კაბინეტში ესაუბრებოდნენ უხეშად, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და პირდაპირ იყო მცდელობა, ძალდატანებით, ხელების გადაგრეხვით ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი; იყო მცდელობა, ძალდატანებით, გაგვეკეთებინა ჩარტერული რეისები, რომლითაც მოხალისეებს გავაგზავნიდით უკრაინულ ომში; იყო პირდაპირ მცდელობა და უხეში ძალდატანება იმასთან დაკავშირებით (შემდეგ ეს უკვე რეზოლუციაშიც დაწერეს), რომ ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს, რომელიც იქნებოდა დამღუპველი ეკონომიკისა და ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის. როდესაც შენ აწესებ სანქციებს, რომლითაც სხვას ვერაფერს დააკლებ, მხოლოდ საკუთარ ხალხს და ქვეყანას დააზიანებ. როგორ შეიძლება მიიღო ასეთი გადაწყვეტილებები?
ჩვენ რომ დღეს ხელისუფლებაში ვართ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ვართ და გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, ვალდებულება, რომ გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები. ეს მეგობრობაც წლების განმავლობაში შეფუთული იყო, იმიტომ, რომ ძირითადად, ხდებოდა მათი ინტერესების გატარება. როდესაც გეუბნებიან, კედელს დაეტაკეო, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან იცი, რომ დაზიანდები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და ხალხის ინტერესს“, – განაცხადა კახა კალაძემ