5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025
5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025

ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე დაიკითხა. დისტანციური წესით დაკითხვა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

დაცვის მხარე პროცესამდე დაზარალებულთან ბევრ შეკითხვას აანონსებდა, პროცესის დასრულების შემდეგ კი გაირკვა, რომ ბაჩიაშვილს ივანიშვილთან მხოლოდ რამდენიმე და ისიც ზოგადი შინაარსის კითხვა ჰქონდა.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ დაზარალებულმა ინვესტორმა დეტალურად ისაუბრა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბაჩიაშვილმა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

„ერთ საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას. ამ დროის გასვლის შემდეგ არც ბრალდებას და არც დაცვის მხარეს, როგორც პატივცემულ წარმომადგენლებს და ასევე პატივცემულ გიორგი ბაჩიაშვილს მეტი კითხვა არ ჰქონია. ჩვენი აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკითხი ძალიან მარტივადაა. ყველა გარემოებით, მტკიცებულებებით, ჩვენებებით დასტურდება, რომ ინვესტორი ამ საქმეში არის ჩემი მარწმუნებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც არ გაქვს ფული, უზრუნველყოფა და არ იღებ საკუთარ თავზე ინვესტიციიდან გამომდინარე რისკებს, ვერავინ დაგიძახებს ინვესტორს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დეტალურ კითხვებს არ უპასუხა.

„ბევრი შეკითხვა გვქონდა, თუმცა ყველა კითხვაზე იძლეოდა ზოგად, ერთნაირ პასუხს. არცერთ დეტალურ კითხვას მან არ უპასუხა“, – აღნიშნა გიორგი ბაჩიაშვილმა.

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა ყველა კითხვაზე დაზუსტებული პასუხი მიიღო.

„არცერთ კითხვაზე მას ( ბიძინა ივანიშვილი) თავი არ აურიდებია. რაიმე არსებით გარემოებაზე კითხვა მე არ მომისმენია. აბსოლუტურად ყველა კითხვაზე მიიღო ძალიან დაზუსტებული პასუხი. პირდაპირ დადასტურდა ის, რასაც დოკუმენტურად და რაც აქამდე ძალიან ბევრ კონტექსტში იყო გაჟღერებული, რომ სწორედ დაზარალებული ინვესტორი იყო ამ ურთიერთობაში ჩართული, სწორედ მისი ინვესტიცია იყო, ბრალდებულმა ეს საკითხები ტექნიკურად მოაგვარა, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა დაზარალებულს და სინამდვილეში აბსოლუტურად ყველა ინვესტიციის შესაბამისად მისაღები ბიტკოინები რეალურად მან მიითვისა“, – აღნიშნა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები