ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შემოსვლას ვერ ახერხებს, რადგან ავალებენ, რომ ეს ქმედება იყოს საბოტაჟის იარაღი, ამის საშუალებას არ მივცემთ და მხარს დავუჭერთ მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე.
„დღეს ჩატარდა უმრავლესობის სხდომა. ბევრი საკითხი გავიარეთ და მათ შორის ერთ-ერთი პირველი ეს გახლდათ. ბევრი არგუმენტი იყო, როგორც დღეს, ასევე წინა პერიოდში. გულწრფელად ჯობია იმის თქმა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც პლუსები ასევე მინუსები ამ გადაწყვეტილების მიღებას აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება მთავარ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ არ შეიძლება, მუდმივ რეჟიმში ოპოზიცია, პირველი – იჩენდეს უპატივცემულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და უარს აცხადებდეს საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე, მეორე – ეს ყველაფერი არ შეიძლება, იყოს მუდმივი შანტაჟის იარაღად გამოყენებული. თუ ეს პრეცედენტი ჩვენ კვლავ დავუშვით, როგორც წინა შემთხვევაში გავაკეთეთ, მაშინ ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ (და ალბათ ყველა დარწმუნებულია, რომ „ნაცი“ საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს), იქნებიან ამ საბოტაჟის რეჟიმში და ყოველთვის, გარე დავალების შესაბამისად, საბოტაჟის იარაღად გამოიყენებენ ამ თავის მავნებლურ გადაწყვეტილებას.
ინფორმაციულადაც ასეა და ვიცით, რომ ბევრ მათგანს ძალიან უნდა პარლამენტში შემოსვლა და წარმოიდგინეთ როგორ არ არიან ისინი თავისუფლები თავიანთ თავთან და გადაწყვეტილებებში, რომ ამას ვერ ახერხებენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.