31 იანვარი, პარასკევი, 2025
31 იანვარი, პარასკევი, 2025

ეკა სეფაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არასამართლიანი და არადემოკრატიული გადაწყვეტილება გამოიტანა – ძალიან კარგად იციან, რომ არც პოლიტპატიმრები არსებობენ საქართველოში და არც არჩევნები გაყალბებულა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არასამართლიანი და არადემოკრატიული გადაწყვეტილება გამოიტანა.

„საქართველოს უნდა შეესრულებინა ისეთი დათქმები, რაც ჩვენთვის წითელი ხაზებია – აპრილამდე უნდა ჩატარებულიყო ახალი საპარალამენტო არჩევნები და უნდა გაგვეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები. თვითონაც კარგად იციან, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა და ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ახალი ზეწოლის ბერკეტი, რომ რამენაირად აიძულონ ხალხი, ისევ „ნაცმოძრაობას“ და მათ სატელიტებს მისცენ ხმა.

შვაბმა, რომელიც გახლავთ საპარლამენტო ასამბლეაში სოციალისტების ჯგუფის ლიდერი, დებატებში პირდაპირ აღიარა, რომ ვიცით არჩევნები არ გაყალბებულაო, მაგრამ გარშემო იყო ცუდი სიტუაციაო. „გარშემო ცუდ სიტუაციაში“ გულისხმობდა იმას, როდესაც ჩვენი პარტიის აქტივი ცდილობდა ჩვენი მომხრეების მობილიზებას, რაც გაწერილია NDI-ს და IRI-ს სახელმძღვანელოში, რომელიც განკუთვნილია პოლიტიკური პარტიებისათვის როგორ უნდა იმუშაონ ამომრჩეველთან და ა.შ. ის, რაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის და პოლიტიკური პარტიებისათვის არის მუშაობის ჩვეულებრივი რეჟიმი, შვაბესთვის იყო განსაკუთრებული გარემოება, რომელიც თურმე არ შეიძლება რომ საქართველოში არსებობდეს. დასკვნა ერთია: ძალიან არგად იციან რომ არც პოლიტპატიმრები არსებობს საქართველოში და არც არჩევნები არ გაყალბებულა, მოიგონეს რაღაც ახალი ორგანიზაცია იმისათვის, რომ საქართველოზე ისევ განაგრძონ ის გაუგონარი საერთაშორისო ზეწოლა, რაც ბოლო სამი წელია ხორციელდება. ჩვენი ხალხი და ჩვენი ხელისუფლება ამის საშუალებას მათ არ მივცემთ“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო რჩება ევროსაბჭოს წევრი.

„აქ არის უამრავი სხვადასხვა ორგანიზაცია, რომლის მუშაობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობს. საპარლამენტო ასამბლეა არის მისი მხოლოდ ერთ-ერთი ორგანო, რომელშიც მონაწილეობაზე ჩვენ უარი განვაცხადეთ იმის გამო, რომ ეს ორგანო არ ემყარება სამართლიან პრინციპებს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 29 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.

მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები