ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი, ანუ ინვესტიცია, რომელიც საქართველოში უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებსთან.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის უპრეცედენტო, ყველაზე მსხვილი ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
„წარმოდგენა რომ შევიქმნათ, ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი და ეს ინვესტიცია უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება. განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ორ ლოკაციაზე, რაც ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი სივრცეების შექმნას, ასევე სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის არის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, სამედიცინო და სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ. არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რაც განხორციელდება თბილისში და გონიოში და ჩვენ ველოდებით ამ პროექტის დაწყებას. ერთი საინტერესო რამ არის – როდესაც EMAAR-ჯგუფი ხელს ჰკიდებს ხოლმე რაიმე პროექტს, აუცილებლად მიჰყავს ბოლომდე ყველა დაწყებული საქმე სათანადო ვადებში და სათანადო ხარისხით. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ძალიან საიმედო ხელშია და ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების იმისთვის, რომ მათ გამოხატეს ასეთი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენს ქვეყანაში ასეთ უმნიშვნელოვანეს პროექტს განახორციელებენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.