თბილისის მერია თბილისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოზარდი დაიღუპა, ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში და არა რიყის პარკში.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა.
გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.
სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის.
უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა არა რიყის პარკში, არამედ ე.წ. დოქების ტერიტორიაზე, რომელიც კერძო საკუთრება. შენობაში წყალი იყო დაგროვებული.
როგორც „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.