30 იანვარი, ხუთშაბათი, 2025
30 იანვარი, ხუთშაბათი, 2025

პროექტის მიხედვით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, დროებით არ შეუჩერდება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტის მიხედვით, ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, დროებით უნდა დამტკიცდეს.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ „დიალოგის შენარჩუნებისადმი მზაობის ნიშნად, ასამბლეამ, 2025 წლის აპრილის სესიაზე ხელახალ განხილვამდე, მიმდინარე სესიაზე უნდა დაამტკიცოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ შეასრულებს რიგ პირობებს“.

„მონიტორინგის კომიტეტი მიიჩნევს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევები და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები, ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობის ვალდებულებებსა და ევროპის საბჭოში გაწევრიანების პირობებს.

შესაბამისად, კომიტეტს სურს, ხელისუფლებისგან მიიღოს მკაფიო გარანტიები, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან, შეაჩერონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები. თუმცა, კომიტეტი მიიჩნევს, რომ დიალოგის შენარჩუნებისადმი მზაობის ნიშნად, ასამბლეამ, 2025 წლის აპრილის სესიაზე ხელახალ განხილვამდე, ამ სესიაზე უნდა დაამტკიცოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ შეასრულებს რიგ პირობებს, მათ შორის:

წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს; დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილ ნაკლოვანებებსა და ხარვეზებს და შექმნის საარჩევნო გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს მომდევნო თვეებში გამოცხადებულ ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას;

დაუყოვნებლივ შეწყვეტს პოლიციის მხრიდან ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს;

ეფექტურად გამოიძიებს ამ პრაქტიკას და შეწყვეტს სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებას, როგორც დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების დაშინებისა და მათზე შურისძიების საშუალებას;

სრულად დაიცავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და 2025 წლის აპრილის სესიამდე გაათავისუფლებს ყველა პოლიტპატიმარს.

ამავდროულად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობისა და სხვა ადამიანის უფლებების დარღვევების მკაფიო დაგმობის ნიშნად, რომელიც აქამდე არ აღმოუფხვრია ხელისუფლებას, ასამბლეამ უნდა შეაჩეროს საქართველოს დელეგაციის რამდენიმე უფლება“, – ნათქვამია კომიტეტის მიერ მომზადებულ პროექტში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები