საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან, რა დროსაც სამძიმარი გამოუცხადა Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის გამო, რასაც მსხვერპლი მოყვა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბოჭორიშვილმა თანადგომა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და აღნიშნა, რომ საქართველო ამ რთულ დღეებში აზერბაიჯანს გვერდში უდგას. ბაირამოვმა, თავის მხრივ, ქართველ კოლეგას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან გუშინ ჩამოვარდა. ის ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა გროზნოს აეროპორტმა მისი მიღება ვერ მოახერხა. კატასტროფისას თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 38 დაიღუპა.