პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ 29 დეკემბრამდე ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, მაფიქრებინებს, რომ ის პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არჩევნები გაყალბდა და ინსტიტუტები და კონსტიტუცია არ არსებობს – არა მგონია, მისი განცხადება ვინმემ სერიოზულად მიიღოს, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას „ხალხის ძალის” დეპუტატი ეკა სეფაშვილი.
სეფაშვილი იმასაც ამბობს, რომ ზურაბიშვილს გარედან მკაცრი დავალება აქვს მიღებული, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს და ყველანაირად ცდილობს, რომ პროცესები აქეთკენ წაიყვანოს.
„არაფერი გამოუვა! სამწუხაროა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, არ ემორჩილება კანონს და ურჩევნია უცხო აქტორების დავალებები შეასრულოს საკუთარი ქვეყნის ინტერესების და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, 22 დეკემბერს, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლეში იწვევს ბიძინა ივანიშვილს, რათა ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ერთად მოიფიქრონ.
„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.