გახსოვთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით მთელი არმაგედონი დასახეს, რომ თითქოს ეს იქნებოდა დასასრული თითქოს ყველაფრის, აღარ დარჩებოდა ამ ქვეყანაშია არასამთავრობო ორგანიზაცია, რაღაც სერვისები შეეზღუდებოდა ამა თუ იმ ჯგუფებს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე.
პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ ორგანიზაციათა უმრავლესობა დარეგისტრირდა რეესტრში და აგრძელებენ ჩვეულებრივ საქმიანობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ქვეყანაში და ყველა ჯგუფი შეზღუდვის გარეშე კვლავ განაგრძობს სერვისებით სარგებლობას.
„გავიდა უკვე რამდენიმე თვე, რაც ეს კანონი ამოქმედდა, დაახლოებით 400 არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა ამ რეესტრში, სულ 100 ორგანიზაციაა, რომლიც უარს ამბობს დარეგისტრირებაზე, უმრავლესობა დარეგისტრირდა ამ რეესტრში, აგრძელებენ ჩვეულებრივ საქმიანობას, არაფერი ამ ქვეყანაში არ ხდება განსაკუთრებული, ყველა ის ჯგუფი, რომელიც ამა თუ იმ სერვისს იღებდა, იღებს და მიიღებს კიდევაც, სახელმწიფო უზრუნველყოფს პირველ რიგში, რომ არავის, არცერთ ჯგუფს, იქნება ეს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მოწყვლადი ჯგუფები, არავის არცერთ სერვისთან დაკავშირებით რაიმე წვდომა არ შეეზღუდოს, ამის პირობას დებს და ამას უზრუნველყოფს სახელმწიფო,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს საკონსტიტუციოს სასამართლოს კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, რაზეც სასამართლომ უარი თქვა, რის გამოც დიდი თავდასხმის ობიექტი გახდა, როგორც პრეზიდენტისგან, ისე არასამთავრობო სექტორისგან.
„ამ მიზეზით არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქალბატონმა სალომემაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, მოითხოვეს კანონის შეჩერება, როგორც დროებითი ღონისძიება და კანონის განხილვა, ეს კანონი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არის განხილვის ფაზაში, თუ კი რაიმე კონსტიტუციასთან შეუსაბამო არის, ამას საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, მაგრამ ნახეთ რაზე ჰქონდათ პანიკა – არა ეს დღესვე უნდა შეჩერდეს თორემ ინგრევა ყველაფერი, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა კანონის მოქმედების შეჩერებაზე და გახსოვთ თქვენ, ქალბატონი სალომეს პირდაპირი თავდასხმა, პიროვნული თავდასხმა მოსამართლეებზე, სადაც მათ მონები უწოდა და სამ მოსამართლეს არ უწოდა მხოლოდ მონა და თქვა, რომ თქვენ კარგები ხართო. შემდეგ, რომ იყო სხვა გადაწყვეტილება, იმ სამი მოსამართლიდან ერთმაც, რომ სხვა პოზიცია დაიკავა, ვიდრე ქალბატონ სალომეს ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით ის ერთი მიაყოლა და მონა უწოდა, ესეც ხომ აჩვენებს, როგორ არის მისი მორალური კომპასი მოწყობილი. მაგრამ, რას მინდა ხაზი გავუსვა, საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა შეჩერებაზე, ამის გამო გამოაცხადეს ყველა მონებად, მოღალატეებად და ა.შ. რაც გვახსოვს კარგად, ასეთი მენტალიტეტის ხალხია,“- განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ორგანიზაციებს სტრასბურგში დროებითი ღონისძიება ან არ აქვთ მოთხოვნილი, რომ შეჩერდეს კანონი, ან მოთხოვნილი ჰქონდათ და უარი მიიღეს ამასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საია-ს გაავრცელოს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.
„მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს სამი თვის წინ თუ არ ვცდები, დღემდე კომუნიკაცია არ განხორციელებულა იუსტიციის სამინისტროსთან სტრასბურგის მხრიდან, რაც ნიშნავს იმას რომ, მას მალავს საია და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მოვუწოდებ, რომ თავად განაცხადონ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ გაურბიან ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს. ის, რომ სამი თვის თავზე არანაირი კომუნიკაცია არ არის მთავრობასთან და არც რაიმე გადაწყვეტილებას ვხედავთ სტრასბურგისგან, მიანიშნებს, რომ როგორც ჩანს, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ასე ვთქვათ დიდი ხმაურით შეიტანეს განაცხადი სტრასბურგში და ასე შეაჩვენებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომ არ შეაჩერა კანონის მოქმედება, როგორც ჩანს, მათ სტრასბურგში დროებითი ღონისძიება ან არ აქვთ მოთხოვნილი, საერთოდ, რომ შეჩერდეს კანონი, ან მოთხოვნილი ჰქონდათ და უარი მიიღეს ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ ეს გაირკვეს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უთხრას მოქალაქეებს, მათი სახელით რომ გველაპარაკებიან, ჰქონდათ თუ არა მოთხოვნილი დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება და თუ არ ჰქონდათ მოთხოვნილი, მაშინ რა პანიკა ჰქონდათ დათესილი, რომ არიქა ეს კანონი ამოქმედდება და დაინგრევა ქვეყანა, რატომ ჰყავდათ პირადი შეურაცხყოფის სუბიექტად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს თურმე ან არ მიმართეს დროებითი ღონისძიების სახით და ამითი საკუთარი უსუსურობა დაადასტურეს, ან შესაძლოა მიმართეს და უარიც კი მიიღეს ამასთან დაკავშირებით რაც ასევე კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, ამიტომა აქაც ჩანს რომ ამ კანონთან დაკავშირებით ბევრი სალაპარაკო არაფერი არ არის,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.