2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურების დაფინანსებაზე, ჯამურად, გამოყოფილია 3 მილიარდ 350 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჯამური ბიუჯეტის 10%-ს აღემატება.
„გამოყოფილი თანხის ფარგლებში, განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა;
თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 490,0 მლნ ლარი;
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2025 წელს გათვალისწინებულია 240 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია 45 მილიონ ლარზე მეტი;
სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 680 მლნ ლარზე მეტი;
გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 245 მილიონ ლარზე მეტი;
კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება მილიარდ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში განხორციელდება ხელფასების 125-ლარიანი ზრდა”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.









