ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პრემიერის დასკვნით სიტყვაზე: მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველო ერთგულია ევროპული ინტეგრაციის და საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმუშაოს ამ პროცესის ყველა მონაწილესთან, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „დღის ქრონიკასთან“, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შედეგების შეჯამებისას.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო ერთ-ერთი იმ მცირეთაგან ვისაც სესიის დასკვნით ეტაპზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა და ირაკლი კობახიძის გზავნილები იყო მკაფიო. მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა კომუნიკაცია ჰქონოდა სხვადასხვა კოლეგებთან. პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა დისკუსიებში, სხვადასხვა ლიდერებთან ერთად, რომელიც მიეძღვნა ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს და გამოწვევებს. პრემიერ – მინისტრმა მთავარი აქცენტები გააკეთა, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. იმ შედეგებზე, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ და სამომავლო გეგმებზე.
ასევე, საუბარი შეეხო იმ გრანდიოზულ პროექტებს, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ ჩვენ საქართველოში. ეს იქნება ანაკლიის პორტი, შავი ზღვის კაბელი თუ სხვა დაკავშირებადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტები, რომელმაც კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გახადოს ჩვენი ქვეყანა და კიდევ უფრო მიმზიდველი ბევრი მიმართულებით.
ასევე, პრემიერ -მინისტრმა მიუხედავად იმისა, რომ 44 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში, პრემიერ -მინისტრი იყო ერთ- ერთი მცირეთაგანი, რომელსაც მიეცა საშუალება დასკვნით პლენარულ სხდომაში მონაწილეობისას პოლიტიკური გზავნილების გაჟღერების შესაძლებლობა. ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, იმ შესაძლებლობებზე, იმ მოცემულობაზე, რომელიც დღეს გვაქვს და ვფიქრობ, რომ მისი კოლეგებისთვის ძალიან გასაგები იყო ის გზავნილები, რომელიც იქნა გაზიარებული. აქ მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველო ერთგულია ევროპული ინტეგრაციის და საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმუშაოს ამ პროცესის ყველა მონაწილესთან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა