ბორელის განცხადება იყო და ბაიდენის განცხადება იყო. ორივე მათგანი გამოძიებისკენ მოგვიწოდებდა. გუშინ ცესკომ მიმართა პროკურატურას, დღეს ცესკოს განცხადების საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„წარმოიდგინეთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დონე – თქვენ მე მაბრალებთ რაღაც დანაშაულს და თქვენ კი არ მიმართავთ პროკურატურას, მე მივდივარ პროკურატურაში – გამოიძიეთ, რამე ჩავიდინე თუ არა თქო. ამაზე მეტი პასუხისმგებლობის ხარისხი არ არსებობს. ზუსტად ასე მოიქცა ცესკო. და ახლა თქვენზეა პასუხისმგებლობა – რა დანაშაულს აბრალებ სახელმწიფოს, ცესკოს, პარტიას თუ ა.შ? თუ აღმოჩნდება, რომ ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს რაიმე სერიოზული გადაცდომის, მერე თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ამას უფრთხიან, როგორც ჩანს და არ მიდიან თურმე პროკურატურაში. რატომ? „ამან თქვა, იმან თქვაზე“ ხომ იყვნენ ჩამოკიდებულები და ახლა აღარ თქვა არც ბაიდენმა, არც ბორელმა?
და ჰელსინკის კომისიას გააკეთეს განცხადება – ბაიდენის ადმინისტრაციას დაარტყეს, ეს რა იკადრა, რა შეცდომა დაუშვა, საერთაშორისო გამოძიებას ვითხოვდითო და ეროვნული თავმოყვარეობა საერთოდ გააქრეს. რა საერთაშორისო გამოძიება? ანუ, რამდენი რამე იქნება ამ ქვეყანაში, კუბილიუსებს უნდა ვაძიებინოთ? სუვერენიტეტი უნდა გავაუქმოთ, მათი აზრით. სუვერენიტეტის გაუქმებას ითხოვენ და მერე პირობით კუბილიუს დააბარებენ გამოძიებას და მერე გინდ მართალი იყავი, გინდ მტყუანი“, – განაცხადა მდინარაძემ.