„ქართული ოცნების“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი ილია ინჯია სოციალურ ქსელში ეხმიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მას რუსად მოიხსენიებენ.
როგორც ინჯია აღნიშნავს, დღეს გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვიდეომიმართვაში მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ღიად უპირისპირდება რუსეთში მაცხოვრებელი მილიონამდე ქართველის ინტერესებს, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ საკუთარ ოჯახთან, ქვეყანასთან და მეგობრებთან კომუნიკაცია საქმიან თუ პირად საკითხებზე.
მისივე თქმით, ხალხი, რომელიც ებრძვის საქართველოს მოსახლეობასა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მაცხოვრებელ ქართველებს შორის კავშირის შენარჩუნებასა და გაღრმავებას საკუთარი სამშობლოს მოღალატე და მტერია.
„“კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის ჩვენი ქვეყნის მოღალატე იყო და ეს არც დაუმალავს.
დღეს გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვიდეომიმართვაში მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი კიდევ ერთხელ ღიად უპირისპირდება რუსეთში მაცხოვრებელი მილიონამდე ქართველის ინტერესებს, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ საკუთარ ოჯახთან, ქვეყანასთან და მეგობრებთან კომუნიკაცია საქმიან თუ პირად საკითხებზე. ხალხი, რომელიც ებრძვის ჩვენს მოსახლეობასა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მაცხოვრებელ ქართველებს შორის კავშირის შენარჩუნებასა და გაღრმავებას საკუთარი სამშობლოს მოღალატე და მტერია!
სწორედ ამიტომ უნდა აიკრძალოს “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები – ამ მოღალატეთა დროებით გაერთიანებას ქართველი ხალხის მტრობის შესაძლებლობა აღარასდროს უნდა მიეცეს!.
ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ კავშირები ჩვენს თანამემამულეებთან უფრო მჭიდრო და მყარი იყოს – ამას ჩვენ კონსტიტუცია გვავალდებულებს!
რაც შეეხება მიმართვის ავტორ “ნაცმოძრაობის” უცოდინარ და მოღალატე აქტივისტს, ურჩევნია საქართველოს კონსტიტუციასა და დიასპორასთან ურთიერთობების შესახებ კანონს გაეცნოს.
აღნიშნულ მიმართვაში აქცენტი ასევე ჩემი ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე იყო გამახვილებული. ორმაგი მოქალაქეობა მაძლევს შესაძლებლობას საქართველოსა და რუსეთში მაცხოვრებელი ქართველების ინტერესებისთვის კიდევ უფრო მეტი გავაკეთო. ჩემთვის ამოსავალი წერტილი ყოველთვის ჩემი ქვეყნის ინტერესია, რაზეც ჩემი განვლილი ცხოვრება მეტყველებს, ამის საწინააღმდეგო ფაქტი კი ბუნებაში არ არსებობს!
“ნაციონალურ მოძრაობას” კი შეუძლია საკუთარი ქვეყნის ღალატი გააგრძელოს, რის პასუხსაც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხისგან აუცილებლად მიიღებენ“, – წერს ილია ინჯია.