24 ივნისი, ორშაბათი, 2024
24 ივნისი, ორშაბათი, 2024

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ტვ პირველს ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის

ქართული ოცნების თავმჯდომარის და ექსპრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი, სასამართლოს სარჩელით მიმართავს და ითხოვს ცილისწამებად იქნეს აღიარებული ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასული სიუჟეტი, რომელიც შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. ამის შესახებ მედია საშუალებებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა აცნობა.
„დღეს, ჩვენ სარჩელით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ სასამართლოს მიერ ცილისწამებად იქნეს აღიარებული ტელეკომპანია ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასული სიუჟეტი, რომელიც შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ ქართულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. ეს სიუჟეტი არის ნათელი მაგალითი, იმ წინასწარ დაგეგმილი ცილისწამების კამპანიისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებს ტვ პირველი და კონკრეტულად გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის მიმართ.“

ადვოკატის განცხადებით, მათ სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომ ცილისწამებად იქნეს აღიარებული კონკრეტული სიუჟეტი და დაევალოს ტვ პირველს კანონით დადგენილი წესით, თავადვე გაავრცელოს ინფორმაცია ამის შესახებ.
„ჩვენ სასამართლოს წარვუდგენთ სიცრუეზე და ცილისწამებაზე დაფუძნებულ ათობით სიუჟეტს, რომლებიც წლების განმავლობაში მზადდებოდა „ნოდარ მელაძის შაბათი“-ს მიერ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, კანონით დადგენილი წესით, თავად ტვ პირველმა აღიაროს, რომ ეს სიუჟეტი იყო სიცრუე. საზოგადოება კარგად დაინახავს, რომ როგორც ქარხნის შეძენა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მიერ, ისე შემდგომში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ფრანგ ინვესტორთან, სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და რომ მთელი ეს ცილისწამების კამპანია ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის დისრკედიტაციის მცდელობას“. აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 06 აპრილს ტვ პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის კუთვნილ კომპანიასა და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დედოფლისწყაროს რაიონში არსებული ღვინის ქარხნის გრძელვადიან იჯარის ხელშეკრულებაზე. გადაცემის ავტორის მოსაზრებით, ამ ქარხნის შეძენა და შემდგომში იჯარით გაცემა შესაძლო კორუფციულ სქემებს უკავშირდებოდა, რასაც ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი აპროტესტებს და სასამართლოს საკუთარი ინტერესების დასაცავად სარჩელით მიმართავს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები