19 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024
19 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024

გიორგი მარგველაშვილის ქონებრივი დეკლარაცია – რა ქონებით დაასრულა პრეზიდენტობის 5 წლიანი ვადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოჯახმა, პრეზიდენტობის ბოლო წელს, შემოსავლის სახით 85 435 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხიდან, 79 185,71 ლარი, მარგველაშვილის მიერ, პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების საფუძველზე მიღებული შემოსავალია, 6 250 ლარი კი, ექსპრეზიდენტის მეუღლის,  მაკა ჩიჩუას მიერ, შპს ტვ-იმედის პროექტ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრობის საფუძველზე მიღებული ხელფასი.

გიორგი მარგველაშვილის მიერ შევსებული, 2018 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გიორგი მარგველაშვილის, როგორც პრეზიდენტის ხელფასი, თვეში, დაახლოებით 6 600 ლარი იყო.

გიორგი მარგველაშვილის ოჯახი შემდეგი სახის  უძრავ ქონებას ფლობს:

4462 კვ.მ. მიწის ნაკვეთი – ქალაქ დუშეთში, სააკაძის ქუჩა N37-ში.  შეძენილია 2004 წელს, 11 000 აშშ დოლარად. დეკლარაციაში დამატებითი ინფორმაციის სახით მითითებულია, რომ რამოდენიმე მიწის ნაკვეთი შეძენილია სხვადასხვა დროს და გაერთიანებულია ერთ ნაკვეთად; (მიწის ნაკვეთი გაფორმებულია გიორგი მარგველაშვილის სახელზე).

200 კვ.მ. სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად – ქალაქ დუშეთში, სააკაძის ქუჩა N37-ში. შეძენილია 2500 აშშ დოლარად, 2004 წელს;  (სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად გაფორმებულია გიორგი მარგველაშვილის სახელზე).

120 კვ.მ. ბინა – თბილისში, პაულო იაშვილის ქუჩა N1/6-ში, შეძენილია 3 000 აშშ დოლარად, 2009 წელს; (ბინა გაფორმებულია გიორგი მარგველაშვილის სახელზე).

70 კვ.მ. ბინა – თბილისში, ლერმონტოვი-ჯაფარიძის ქ. N 25/17-ში, შეძენილი 2002 წელს, 15 000 ლარად; (ბინა გაფორმებულია მაკა ჩიჩუას სახელზე).

40 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი  – დუშეთში, სააკაძის ქუჩა #37-ში. სახლი აშენებულია 2016 წელს, მშენებლობის ღირებულება 10 000 ლარი.  (სახლი  გაფორმებულია გიორგი მარგველაშვილის სახელზე).

იმავე ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ექსპრეზიდენტის ოჯახის მფლობელობაში არ არის მოძრავი ქონება.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს:

ირკვევა, რომ მაკა ჩიჩუას ანგარიშები „ქართუ ბანკში“ აქვს გახსნილი. ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, მის ანგარიშზე იყო, დაახლოებით 1380 ლარი;

გიორგი მარგველაშვილს კი, ანგარიში „თიბისი“ ბანკში აქვს გახსნილი და მის ანგარიშებზე, იგივე მომენტში, დაახლოებით 13 000 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილის ოჯახს, სხვა ყოფილი, თუ მოქმედი მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, არც ერთ ბანკში არ გააჩნია, არც ერთი თეთრის ვალდებულება.

როგორც ცნობილია, ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ხელით აშენებულ სახლში ღამის გათენება ერთ დღე-ღამეში 80 დოლარად შეუძლია.

პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ ალტერნატიული შემოსავლის ძებნაში, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ გააქირაოს ეზოში მდგარი კოტეჯი, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორი წლის წინ ააშენა. ავეჯი, გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ხელით გააკეთა, ინტერიერის დიზაინი კი, ყოფილ პირველ ლედის ეკუთვნის. კოტეჯში მრავლად არის მაკა ჩაჩუას ნამუშევრებიც.

ყოფილი პრეზიდენტი მდგმურებთან ერთად ერთ ეზოში იცხოვრებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები