23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024
23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

„ფსიქოლოგია ის საქმეა, რომელსაც, ალბათ, 80 წლის ასაკშიც სიამოვნებით ვემსახურები“- ქეთი ჭარელაშვილის ისტორია

ქეთი ჭარელაშვილი ფსიქოლოგი და ქოუჩია. ის ორგანიზაცია ,,ქალები მომავლისთვის“ პროექტის „ქალი და ბიზნესი“-ს მონაწილეა. თუკი პროექტის მონაწილეთა ნაწილისთვის პროექტი კიდევ უფრო დიდი ბიზნეს-პროექტების წამოწყების ინსპირაციად იქცა, ქეთის შემთხვევაში საპირისპიროდ იმუშავა.

„პროექტში აქტიურმა ჩართულობამ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემი ყველაზე დიდი ინეტერესის სფერო ფსიქოლოგიაა  და ეს დასტური და  ინსპირაცია იყო ჩემთვის, იმისათვის, რომ ფსიქოლოგია ჩემი ცხვორების მთავარ პროფესიად მექცია.“- აღნიშნავს მედიაპორტალ „მხარესთან“ საუბრისას ქეთი. ქვემოთმოყვანილ სტატიაში, სწორედ მის ისტორიას მოგიყვებით. 

ბავშვობა

დაიბადა და გაიზრადა თბილისში,  მრავალშვილიან ოჯახში, სადაც  ადამიანურ ღირებულებებს, სითბოს და სიკეთეს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.  „ეს იყო ჩვენი, ჩემი სამი და-ძმის და ჩემი მშობლების ყოველდღიური ქცევის მოდელი, სხვებისთვის მხარდაჭერა და გულწრფელი, გახსნილი ურთიერთობები, მეგობრებთან და ნათესავებთან“-  აღნიშნავს „მხარესთან“ საუბრისას ქეთი ჭარელაშვილი.

როგორც გვიყვება, დედა პროფესიით ფილოლოგია და სასწავლო პროცესში ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული. „მისთვის ჩვენი განათლება  ერთერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. მისმა ლიტერატურისა და ფილოსოფიისადმი სიყვარულმა, დიდი გავლენა იქონია ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.  ასევე, მინდა აღვნიშნო უფროსი ძმის  როლი ჩემი პიროვნული თვისებების ფორმირებაში, ის დღემდე ჩემი აქტიური მრჩეველი და მხარდამჭერია.“– ამბობს ქეთი.   

ოჯახი და კარიერა

გურამ რამიშვილის სახელობის მეექვსე საავტორო გიმნაზია დაამთავრა. როგორც ამბობს, სკოლა კარგად ახსენდება, უყვარდა ჰუმანიტარული საგნები და ჰყავდა მართლაც გამორჩეული პედაგოგები, რომლებმაც ბავშვობიდან შეაყვარეს კითხვა და აზიარეს გერმანელ ფილოსოფოსებს. (სკოლა გერმანული იყო).

სკოლის დასრულების შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა. იხსენებს, რომ  ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველივე წელს ჩააბარა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს არ იყო თავისი საქმე,  აქ დაიწყო მისი ძიების პროცესიც.

„გადავწყვიტე ჩამებარებინა მეორად ფაკულტეტზე სასულიერო აკადემიაში, ფსიქოლოგიის მიმართულებით. ამავე პერიოდში დავოჯახდი და ამჟამად მყავს ორი შვილი. ჩემთვის პრიორიტეტი ბავშვების აღზრდა იყო, თუმცა პარალელურად ვაგრძელებდი სხვადასხვა ტრენინგებზე დასწრებით ჩემს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას. 

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მუდმივი განვითარებისა და პროფესიული ზრდის პირველი მხარდამჭერი ჩემი მეუღლე და ჩემი ოჯახია,  ვცდილობ, დრო მაქსიმალურად დავაბალანსო ოჯახსა და საქმიანობას შორის.

21 წლის ვიყავი, როცა დავიწყე მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას მერე სხვადასხვა პოზიციასა და კომპანიაში მივიღე სამუშაო გამოცდილება, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში, იურიდიული, მენეჯმენტის და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

მრავალწლიანმა სამუშაო გამოცდილებამ, მათ შორის, კერძო ბიზნესში, რომელიც მოიცავდა სამკერვალო და ხელნაკეთი ნივთების საქმიანობას და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან კომუნიკაციას, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემი მთავარი ინტერესი და მამოტივირებელი არის ზოგადად ადამიანი, მის ქცევაზე დაკვირვება,  მათთვის მოტივაციის მიცემა და მხარდაჭერა. ფსიქოლოგია კი მაქსიმალურად მაძლევს ამ ყველაფრის სწორად განხორციელების საშუალებას, ეს ის საქმეა, რომელსაც, ალბათ, 80 წლის ასაკშიც სიამოვნებით ვემსახურები.“- აღნიშნავს ქეთი.

ქეთი ჭარელაშვილი ფსიქოლოგი და ქოუჩია. ის დღემდე აგრძელებ პროფესიულ ზრდას ამ მიმართულებით. „ვსწავლობ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ინსტიტუტში, ზოგადი ფსიქოლოგიისა და ოჯახისა და წყვილების ფსიქოკონსულტირების მიმართულებით, ასევე გავდივარ ქოუჩინგის სასწავლო კურსს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ამერიკაში მოღვაწე წარმატებულ ქართველ ქოუჩთან. უახლოეს მომავალში ასევე ვგეგმავთ ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რაც, დარწმუნებული ვარ, დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლებას.“- გვეუბნება ქეთი. 

მიღწევები

ფსიქოლოგია ქეთისთვის ის სფეროა, რომელსაც მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 

„ეს არის სფერო, სადაც მუდმივად გვიწევს განვითარება და შეიძლება ითქვას, მართლაც ამოუწურავია. გარდა იმისა, რომ ვატარებ ცალკეულ ტრენინგებს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან,  ასევე ვმუშაობ ინდივიდუალურად ადამიანებთან, ვისაც სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება. პანდემიამ ამ კუთხით ძალზედ გაართულა ფსიქო-ემოციური სიტუაცია და , შეძლებისდაგვარად,   ვცდილობ  დავეხმარო ადამიანებს სტრესის დაძლევასა და მოტივაციის დაბრუნებაში. ვმუშაობ, ასევე, ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობების მიმართულებითაც. ჩართული ვარ სოციალური პასუხიმგებლობის კუთხით, ტრენინგების ჩატარებაში.“- აღნიშნავს ქეთი ჭარელაშვილი. 

რჩევები ქალებს

პირველ რიგში, მინდა ვურჩიო, შეიყვარონ საკუთარი თავი, რადგან სწორედ საკუთარი თავის სიყვარულით იწყება სხვა ყველას და ყველაფრის პატივისცემა და სიყვარული.“- ურჩევს ფსიქოლოგი ქეთი ჭარელაშვილი ქალბატონებს.

„ძალზედ მნიშვნელოვანია, იცხოვრონ დაბალანსებულად.  თანაბრად იზრუნონ, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის . იყავით თავდაჯერებულები და ჰარმონიაში საკუთარ თავთან. ასეთი ადამიანი სავსეა შინაგანი ბედნიერებით, რომელსც ასხივებს და ყველას აბედნიერებს. ქალები ძალიან დიდ ენერგიას ვფლობთ და შეგვიძლია, ჩვენი ბედნიერება გადავდოთ სამყაროს. ბედნიერი ადამიანები ქმნიან ბედნიერ ოჯახებს  და, საბოლოო ჯამში , ბედნიერ სახელმწიფოს.“- ამბობს ქეთი.

სამომავლო გეგმები

ქეთი ჭარელაშვილი გეგმავს, მომავლში, როგორც ინდივიდუალური, ასევე  წყვილების და ორგანიზაციული მიმართულებით სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებას. „ჩემი მენეჯრული, იურიდიული და ფსიქოლოგიური გამცდილებიდან  გამომდინარე,   ვგეგმავ ფსიქოსოციალური განათლების ცენტრის გახსნას, რომელიც, ვფიქრობ,  დიდ სამსახურს გაუწევს ჩვენს საზოგადოებას და დაეხმარება ადამიანებს, იყვნენ უფრო წარმატებულები და ბედნიერები.“– გვეუბნება ქეთი ჭარელაშვილი.


საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს ქეთი ჭარელაშვილს სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანაში. ვიმედოვნებთ, ზემოთმოყვანილი ისტორია ბევრი ქალისთვის მოტივაციის წყაროდ იქცევა.

წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ “ქალი და ბიზნესი“ ტრენინგების სერიის მონაწილეები.

ტრენინგები ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” ხელშეწყობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები