4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზვიად ავალიანი: “ევროსტატუსთან დაკავშირებით მე პირადად ყველაზე უფრო ის მიხარია, რომ ეს სტატუსი მიღებულ იქნა თავის დახრის, წელში მოდრეკის, ცალი ფეხის თუ ზოგადად ფეხების აწევის და საერთოდ, “ძველი ევროპის” მიმართ საკუთარი თავის დამცირების გარეშე”

“ევროსტატუსთან დაკავშირებით მე პირადად ყველაზე უფრო ის მიხარია, რომ ეს სტატუსი მიღებულ იქნა თავის დახრის, წელში მოდრეკის, ცალი ფეხის თუ ზოგადად ფეხების აწევის და საერთოდ, “ძველი ევროპის” მიმართ საკუთარი თავის დამცირების გარეშე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ჯერ კიდევ რეალიზაცია ჭირდება და მისი რეალიზაცია ბევრ ფაქტორზე (უპირველეს ყოვლისა – რეგიონის გეოპოლიტიკურ კომპოზიციაზე) იქნება დამოკიდებული.” – წერს ტელეწამყვანი და პოლიტოლოგი ზვიად ავალიანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

“მეტიც – ამ სტატუსის მონიჭებით რეალურად ევრიბიუროკრატიამ დახარა თავი საქართველოს ხელისუფლების (და მისი მხარდამჭერი ქართველი ხალხის) წინაშე და უკან წაიღო ყველა ის აბსურდული პრეტენზია და ბრალდება, რომელიც ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ევროპარლამენტარის მხრიდან გვესმოდა.
ასევე უკან იქნა წაღებული (და იმედია არასდროს განმეორდება) ჩვენს შიდა საქმეებში უხეში და “უფროსის ტონით” ჩარევის მცდელობები, რასაც ასევე არაერთხელ ქონდა ადგილი.

ამიტომ სინამდვილეში ეს მართლაც არის ახალი ფურცელი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ოღონდ იმიტომ კი არა რომ რომელიღაც ბიუროკრატმა რაღაც ნიშანი დაგვიწერა (უკაცრავად, მაგრამ აქ სკოლის მოსწავლე არავინ არ არის), არამედ იმიტომ რომ პირველად შეიქმნა პრეცედენტი, როცა ევროპას ველაპარაკეთ როგორც თანასწორებმა და ამით კი არ წავაგეთ, არამედ მოვიგეთ.

და სხვათა შორის, მხოლოდ ჩვენ კი არ მოვიგეთ, უშუალოდ ევროკავშირმაც მოიგო, რადგან ამ პროცესში დამტკიცდა ისიც, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ცალმხრივი სიყვარული კი არ არის და ევროპელები ჩვენი ლამაზი თვალების გამო კი არ გვეპატიჟებიან თავიანთ კავშირში, არამედ ეს მათ ინტერესებშიც შედის, ხოლო ორმხრივი ინტერესი ორმხრივი პატივისცემის გარეშე ან რომელიმე მხარის ცალ ფეხზე დრომის რეჟიმში ვერ განხორციელდება.

ასეა ეს და ამ პრეცედენტის შექმნისთვის ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად ეკუთვნის მადლობა, მე კი ოდესღაც შვილიშვილებს აუცილებლად სიამაყით მოვუყვები იმას რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი მეც მაქვს შეტანილი მშვიდობის შენარჩუნების, ღირსების დაბრუნების და საერთოდ, ქართული სახელმწიფოს დღევანდელი პოლიტიკის მხარდაჭერის და პოპულარიზების საქმეში.” – განმარტავს ავალიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები