პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და იმპიჩმენტის დაწყების ვალდებულება არსებობს. უკვე 80 ხელმოწერაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობის პოზიცია ერთიანია.
„პრეზიდენტი ორი დღის განმავლობაში დემონსტრაციულად არღვევდა კონსტიტუციას და ეს, იმპიჩმენტის დაწყების გარდა, სხვა გასაქანს არ ტოვებდა. აქ არაფერია დასაკვალიფიცირებელი. კონსტიტუცია დაარღვია და ვალდებულება არსებობს იმპიჩმენტის დაწყების.
რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, გროვდება ხელმოწერები. დაახლოებით, 80 ხელმოწერაა უკვე. ვინც ფიზიკურად ადგილზეა, იმპიჩმენტის დაწყების პროცედურას ყველამ ხელი მოაწერა. უმრავლესობა ამ პოზიციაზე ერთიანია. ახლა საჭიროა, ნოტარიულად დავადასტუროთ, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულ ოცნებას“ ვინ წარმოადგენს. ამის შემდეგ საპროცედურო კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.
მორალური მხარე გარკვეულია. ეს ადამიანი ქვეყანას საკუთარი განცხადებებით აზიანებს და იგი ვერ წარმოადგენს ჩვენს მთავრობას უცხო ქვეყანებთან ურთიერთობაში. სამართლებრივად იმპიჩმენტის საკითხი ცალსახაა. მთავრობის თანხმობის გარეშე უბრალოდ, არ შეუძლია და აქ სადავო არაფერია. საკონსტიტუციო სასამართლოში კომპეტენციური დავა საერთოდ არ გაიმართება“, – აღნიშნა მდინარაძემ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დასაწყებად დოკუმენტები მზად არის. საპროცედურო კომიტეტს მმართველი გუნდი ხელმოწერებს დღეს წარუდგენს. კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს. შემდეგ კი, დოკუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა. სალომე ზურაბიშვილი ისევ დუმს. იმპიჩმენტზე არაფერს ამბობს და კონსტიტუციის დარღვევით, ნებართვის გარეშე შეხვედრებს განაგრძობს.









