პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს მედიასთან აფასებს.
დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავის არასოდეს ებუტება და საუბრობს ყველასთან, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, პატივს სცემს სახელმწიფოს და მას თანაბარ პარტნიორად მოიაზრებს.
„ჩვენ არავისთან ვართ გაბუტულები, არც არავის ბოღმა გვაქვს. ჩვენ, ქართულ სახელმწიფოს, მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული, რომ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისაც პარტნიორული ურთიერთობა სურს და ვინც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს.
ახლა კი ევრობიუროკრატებმა თავად გადაწყვიტონ, ვისთან არიან გაბუტულები, ვისთან – ნაჩხუბრები და საერთოდ, ვისგან რა უნდათ.
ჩვენ არც დაკავშირებადობის პრობლემა გვაქვს და არც საუბრის, არც იმის, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს.
ასე რომ, „გაღმა შეედავეს“ პრინციპით თუ უნდათ თავის მართლება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ევრობიუროკრატებს შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის მიღწევები და შედეგები თავისივე ინსტიტუტების შეფასებების საფუძველზე განიხილონ. ჩვენ ხომ საკუთარი ქვეყნის შიდა განვითარების მაჩვენებლებზე არ ვსაუბრობთ? აქ საუბარია მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების დადებულ დასკვნებზე.
ჩვენთვის საუბარი პრობლემა არ არის, ეს მათი პრობლემაა. შეგვიძლია გავიხსენოთ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული საკითხები – ჯერ ამბობდნენ, რომ საერთოდ არ უნდა იყვნენ გამჭვირვალეები; მერე შეცვალეს და ამბობდნენ – იმდენად გამჭვირვალენი ვართ, ეს კანონი საერთოდ არ გვჭირდებაო; მერე აღმოჩნდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესაც კი არ აძლევდნენ ინფორმაციას, საიდან რა ფული ირიცხებოდა საქართველოში. აუ გაირკვა, რომ გამჭვირვალე არ ყოფილან.
ევრობიუროკრატიის პრობლემაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმაც კი ისაუბრა ევროპაში გამართულ კონფერენციაზე. მან განუცხადა ევროპელებს, რომ მათი პრობლემა არც რუსეთში იყო და არც ჩინეთში – პრობლემები საკუთარ თავში უნდა ეძიონ, კორუფციული გარიგებებიდან, ფასიანი განმცხადებლებიდან და სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის სურვილიდან გამომდინარე.
ამის სულ ბოლო მაგალითია ევროკავშირის ელჩის განცხადება საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ვისაც სურს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიაროს და პატივი სცეს, ჩვენ ყველას ვესაუბრებით.
საქართველოს არ უნდა ისეთ გაერთიანებაში ყოფნა, სადაც მას სუვერენიტეტის ჩაბარებას მოსთხოვენ და მის მაგივრად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ასეთი აზრი და ამის სურვილი მხოლოდ „ნაცაგენტურას“ და მის ფილიალებს შეიძლება გაუჩნდეთ“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.









