ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალის ფონზე, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა 14-პუნქტიანი გეგმის წარდგენას აპირებს, რომელიც ლობისტური საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, რობერტა მეცოლას მიერ შემუშავებული გეგმა შემდეგ ზომებს მოიცავს:
- ევროპარლამენტის ყოფილ წევრებს აეკრძალებათ ლობისტური საქმიანობა თანამდებობის დატოვებიდან ორი წლის განმავლობაში.
- ყველა ევროპარლამენტარს დაევალება განაცხადოს გარე შეხვედრების შესახებ.
- აიკრძალება ევროპარლამენტარების მეგობრობის არაოფიციალური ჯგუფები ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან.
- ევროპარლამენტარი ვალდებული იქნება სხვა შემოსავლების შესახებ განაცხადოს.
- ნებისმიერი, ვინც წარმოადგენს ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას და სურს ლობირება, ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს გამჭვირვალობის რეესტრში.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.