25 თებერვალი, კვირა, 2024
25 თებერვალი, კვირა, 2024

MKD: საზოგადოებას დავუტოვებთ დასკვნის საშუალებას სტატიის მთავარ კითხვაზე: დასტურდება თუ არა, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს?

ბიძინა ივანიშვილის იურიდიული მრჩევლები გამოუქვეყნებელ სტატიას ავრცელებენ, რომელსაც imedinews-ი უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის იურიდიული მრჩევლები უცვლელი სახით გთავაზობთ სტატიას, რომლის ევროპულ პრესაში გამოქვეყნების მცდელობა კვლავაც წარუმატებელი აღმოჩნდა:
[ციტატის დასაწყისი]

ფაქტები, რომლებიც გვაძლევს საფუძველს, რომ გავაკეთოთ დასკვნა:

„კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს

მოცემული სტატია წარმოადგენს იმ სტატიათა სერიის ორგანულ გაგრძელებას, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენის სურვილი და მცდელობაც ბატონ ივანიშვილს უკვე ორგზის ჰქონდა მხოლოდ 2023 წლის თებერვლის თვის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ წინა ორ სტატიაში, ბატონი ივანიშვილის მხრიდან კრიტიკა მთლიანად ბანკის მენეჯმენტისკენ მიემართებოდა და შეიცავდა ფაქტებზე დაფუძნებულ მხილებას იმისა, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად გაცნობიერებულად, შეგნებულად, წლების განმავლობაში მოქმედებდა და მოქმედებს ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რასაც ეწირება შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯიც. ამასთან, ამავე მოქმედებებით, ბანკის მენეჯმენტი ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს ბატონ ივანიშვილზე და ეს ყოველივე ხორციელდება დაუფარავად. აღნიშნულის დასადასტურებლად, წინა სტატიაში საილუსტრაციოდ იყო წარმოდგენილი მხოლოდ ერთი, მცირე ეპიზოდი, სადაც ჩანდა, რომ ბანკის მენეჯმენტის მოქმედებებს რაიმე კომერციული ან ბიზნეს ლოგიკა არ გააჩნდა. იქვე გაცხადებული იყო, რომ ამ მცირე ეპიზოდის აღწერას მოჰყვებოდა მორიგი სტატიაც, სადაც უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნებოდა გაჟღერებული. როგორც ყოველთვის, ახლაც, სააშკარაოზე გამოტანილი იქნება მხოლოდ ფაქტები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებითაა გამყარებული, ხოლო დასკვნის გაკეთების პრეროგატივას კვლავ მკითხველს მივანიჭებთ.

მკითხველისთვის ცნობილია, რომ ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ს შორის წლებია მიმდინარეობს გლობალური დავა. მას საფუძველი დაუდო ბანკის მენეჯმენტის მიერ წახალისებულმა დანაშაულმა კლიენტის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლიდან 2015 წლამდე მიმდინარეობდა და რომლის გამოაშკარავება ისევ კლიენტის მოქმედებების შედეგად, 2015 წელს მოხდა. სწორედ დანაშაულის გამჟღავნების შემდეგ, ბატონმა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში გადაიტანა, თუმცა, სხვადასხვა სამართლებრივი და პროცესუალური მიზეზების გამო, რაზეც წარსულში დეტალურად ვისაუბრეთ, აქტივების მმართველად დარჩა ისევ „კრედიტ სუისს“-ის ტრასტი. ამდენად, ბატონი ივანიშვილის გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი აღმოჩნდა არა „კრედიტ სუისს“-ში, არამედ სხვა ბანკში და, ლოგიკურად, „კრედიტ სუისს“-ს აღნიშნული თანხის შენარჩუნების სურვილი ან ინტერესი ვეღარ უნდა ჰქონოდა, ხოლო თავად ამ სხვა ბანკში არსებულ აქტივებს მართავს „კრედიტ სუისს“-ის სტრუქტურისა და მართვის ქვეშ არსებული ტრასტი, დაფუძნებული გერნსის კუნძულზე. ტრასტის ვალდებულება და მისი არსებობის ერთადერთი ფუნქცია მისი ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაა. ტრასტი მეტ-ნაკლებად ახერხებდა ამ ფუნქციის შესრულებას 2022 წლის მარტამდე. სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მოქმედების ლოგიკა შეიცვალა (უფრო სწორად, ლოგიკისგან დაიცალა):

ბენეფიციარის ინსტრუქციების შესრულება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება საკუთარ აქტივებთან მიმართებით ხელოვნურად დაუკავშირდა ბატონ ივანიშვილთან დაუკავშირებელ გარემოებებს: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“. შედეგად, გამოიკვეთა რა, რომ ბენეფიციარს ტრასტის ქვეშ მოქცეულ საკუთარ აქტივებზე წვდომა უსაფუძვლოდ ეზღუდებოდა, ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა დაეხურა ტრასტი, რომელიც მისი ინტერესებისთვის იყო შექმნილი, ხოლო რეალობაში ყველა ინტერესის სამსახურში ჩადგა, გარდა ბენეფიციარის ინტერესისა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დაიწყო კლიენტის ჩიხში მოქცევა: მას არც ტრასტის დახურვის საშუალება ეძლევა და არც ტრასტის მართვის ქვეშ არსებული აქტივების განკარგვის. არადა, რამდენიმე თვით ადრე, ბატონმა ივანიშვილმა უპრობლემოდ შეძლო იმავე „კრედიტ სუისს“-ის სხვა ტრასტის დახურვა და აქტივების პირდაპირ ბენეფიციართა საკუთრებაში წამოღება.

ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბატონი ივანიშვილის შანტაჟმა არაერთი კომიკური სიტუაციაც წარმოშვა: მათ იმაზე მეტი „ზრუნვა“ დაიწყეს ბატონი ივანიშვილის ოჯახის წევრებზე და მემკვიდრეებზეც კი, ვიდრე უშუალოდ ოჯახის უფროსმა. მხოლოდ ერთი მაგალითის სახით: ყოველთვის, როდესაც ბატონი ივანიშვილი ახორციელებდა თანხის გადარიცხვას ტრასტიდან, უთითებდა შესაბამის დანიშნულებას. ახალ რეალობაში კი, როდესაც ბენეფიციარმა მორიგი გადარიცხვის დანიშნულებად მიუთითა ქველმოქმედება, მან „კრედიტ სუისს“-ის ტრასტისგან მიიღო პასუხი, რომ ბატონი ივანიშვილი არასტანდარტულად დიდ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაში და ამით საფრთხეში აგდებდა საკუთარი მემკვიდრეების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს. ამიტომ, ტრასტის მენეჯმენტი მიუთითებდა, რომ ამგვარი ხარჯების გაწევა მიზანშეუწონელი იყო და ამ დანიშნულებით თანხას ვერ გადარიცხავდა. ამის შემდეგ, ბენეფიციარმა მიუთითა, რომ როგორც ჩათვლიდნენ საჭიროდ, ვისზეც ჩათვლიდნენ საჭიროდ და რა პროპორციითაც ჩათვლიდნენ საჭიროდ, ისე გადაერიცხათ თანხა ბენეფიციარსა და მის ოჯახის წევრებზე. ცხადია, ეს მოთხოვნაც ჰაერში გამოეკიდა. დაახლოებით ასე ანეკდოტურად გამოიყურება ბანკის მენეჯმენტის მხრიდან „ზრუნვის აქტები“ ბატონი ივანიშვილის ოჯახისა და მემკვიდრეებისა მიმართ. აქ შევჩერდებით და გამოვეხმაურებით სათაურში გამოტანილ საკითხს: იძლევა თუ არა ამგვარი ფაქტები იმ დასკვნის ობიექტურ საშუალებას, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს ბატონ ივანიშვილზე და თანაც ისეთი დაუფარავი ფორმით, რომელიც იწვევს ბანკისთვის მძიმე რეპუტაციულ ზიანს? და, იმის გათვალისწინებით, რომ „კრედიტ სუისს“-ი არის წამყვანი, სისტემური ბანკი შვეიცარიაში, ხდება თუ არა ამით შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯის დაზიანება?

ცხადია, ისტორია აქ არ სრულდება. მიწერ-მოწერამ და მსჯელობამ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა თანხის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-სთვის გადაცემა (რაც იქამდე არასდროს წარმოადგენდა პრობლემას) რამდენიმე თვეს გასტანა. აქ, ბატონმა ივანიშვილმა შესთავაზა ყველა პოტენციური ბენეფიციარის თანხმობა იმაზე, რომ გადარიცხვას ეთანხმებოდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორც წინა სტატიაშიც აღვნიშნეთ, ბანკის მენეჯმენტს აქაც, მაშველ რგოლად 2022 წლის ივნისის ევროპარლამენტის რეზოლუცია წამოეწია, სადაც ევროპარლამენტი ბატონი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდა ევროკავშირისვე აღმასრულებელი ორგანოებიდან. მკითხველისთვის ცნობილია, რომ არც 2022 წლის ივნისის და არც იმავე წლის დეკემბრის მსგავსი შინაარსის მქონე რეზოლუციებს გაგრძელება არ მოჰყოლია და ევროპულ საბჭოს ისინი არც გაუზიარებია და არც სისრულეში მოუყვანია. თუმცა, ეს დაბრკოლება არ გამხდარა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტისთვის, რომ რეზოლუციას ამოფარებოდა და განეცხადებინა, რომ რეზოლუციიდან გამომდინარე, ბანკის მენეჯმენტი თანხის გადმორიცხვას თავის თავზე ვერ აიღებდა და რომ თანხის გადმოსარიცხად ან ტრასტის დასახურად, ბატონ ივანიშვილს სასამართლოსთვის უნდა მიემართა.

ვინც წინა სტატიას გაეცნო, დაინახავს, რომ იქნება ეს ფორმალურად ბანკის მენეჯმენტი, რომელიმე ტრასტის მენეჯმენტი თუ სხვა აქტორი, რომელიც ბანკის სტრუქტურაში შემავალი სუბიექტების სახელით გველაპარაკება, ყველას ხელწერა ერთი და იგივეა. უფრო მეტიც, ყველას ხელწერა ერთნაირად აბსურდულია და ერთნაირად აზიანებს ბანკსაც და შვეიცარიის საბანკო სექტორსაც. ის რომ ხელწერა ერთნაირია, ეს შემთხვევითობა ან დამთხვევა ვერ იქნება. შეუძლებელია ორმა სხვადასხვა თავმა, ერთმანეთის პარალელურად, ზუსტად ერთი და იგივე გადაწყვიტოს და ამ გადაწყვეტილებით ზუსტად ერთნაირად დაუქვემდებაროს ბანკის კლიენტი პოლიტიკურ შანტაჟს თან იმგვარად, რომ ბანკიც დააზიანოს და სახელმწიფოც.

ამდენად, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, არსებობდა ორი ხელოვნური ბარიერი – ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც, თავის მხრივ, თითქოსდა, წარმოშობდა სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობას. სასამართლო პროცედურა, რომელიც ტრასტის დახურვას შეეხება, ჯერ ერთი, ზოგადად, აუცილებელი არც არის, თუკი ტრასტი თავად არ არის წინააღმდეგი, რომ მოხდეს მისი ლიკვიდაცია, თუმცა, როდესაც კი მაინც ექვემდებარება სასამართლოს ეს საკითხი, პროცესი არის ფორმალური, ერთ-დღიანი, ხოლო გადაწყვეტილება იმავე დღეს გამოდის. ასეთია პრაქტიკა. ჩვენს შემთხვევაში, პროცესის თარიღმა ლამის ყველა შესაძლო თვე მოიარა: ჯერ იყო სექტემბერი, შემდეგ ნოემბერი, დეკემბერი და ახლა – მარტი. სასამართლო თარიღების ცვლილების პარალელურად, მოხდა საინტერესო რამ: ჩვენ წინა სტატიაშიც აღვნიშნეთ, რომ 2022 წლის სექტემბერში სინგაპურის სასამართლოზე, რომელიც საერთოდ არ შეეხებოდა ტრასტების მართვის ქვეშ არსებული თანხების გადმორიცხვას, ბატონმა ივანიშვილმა სასამართლოს ყურადღება მაინც მიაქცია იმ საკითხს, რომ სინგაპურსა და გერნსიზე არსებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტები კლიენტს აქტივებს უკავებდნენ. მოსამართლის რეაქციიდან გამომდინარე, ბანკის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სახე შეენარჩუნებინა და მხოლოდ სინგაპურის ტრასტიდან გადარიცხა თანხები კლიენტის ინსტრუქციის შესაბამისად. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მითითებაც და სასამართლოსკენ ჩვენი გადამისამართებაც ბლეფი იყო. სინგაპურის შემთხვევაში, არც რეზოლუცია და არც სასამართლოს მიღმა მოქმედება პრობლემა არ აღმოჩნდა. რაც შეეხება გერნსის, სადაც აქტივების უდიდესი ნაწილია ტრასტის ქვეშ მოქცეული, იქ უკვე ვერ მოქმედებდა სინგაპურის მოსამართლის იურისდიქცია, ამიტომ გერნსის შემთხვევაში, ბანკის მენეჯმენტმა კვლავ მანამდე არსებულ რეჟიმში დაგვტოვა: მრავალჯერ გადადებული სასამართლო განხილვების მოლოდინში. აქ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ის თანხა, რომლის გადმორიცხვაზეც „კრედიტ სუისს“-ი უარს გვეუბნება, „კრედიტ სუისს“-შიც კი არ არის. თანხა სხვა ბანკშია. ამიტომ აქ ვერ გვექნება ილუზია, რომ ბანკს რაიმე ფინანსური და კომერციული ინტერესი აქვს. არა, ბანკის მენეჯმენტის ინტერესი სულ სხვაგან არის და, ვფიქრობთ, ეს ხელისგულზე დევს.

სისრულისთვის აღვნიშნავთ, რომ კიდევ ერთი საბაბი, რის გამოც ბანკის მენეჯმენტმა ტრასტზე არსებული თანხების გადარიცხვაზე უარი თქვა იყო ის, თითქოს, ტრასტის მართვის ქვეშ არსებული თანხების უდიდესი ნაწილის გადარიცხვა განაპირობებდა ტრასტის დახურვას. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ტრასტის მართვაში სულ ერთი დოლარიც რომ დარჩეს, ის მაინც აგრძელებს არსებობას. მეტიც, აღნიშნული ტრასტის მართვის ქვეშ, თანხის გარდა, აქციებიც არის და ამ ფონზე, მით უმეტეს, განაგრძობს ტრასტი არსებობას. და სულ რომც არ იყოს არც თანხა და არც აქციები, ტრასტი მაინც არსებობს მანამ, სანამ მის დახურვას ბენეფიციარი არ გადაწყვეტს. ამდენად, ყველა მოგონილი საბაბი და პირდაპირი სიცრუე გამოაშკარავებულია.

ამ ეტაპისთვის რომ შევაჯამოთ:

ჯერ გადარიცხვის დაგვიანება უკავშირდებოდა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“;

შემდეგ გადმორიცხვაზე უარი საბუთდებოდა გადარიცხვის დანიშნულებით, რასაც ბატონმა ივანიშვილმა იმით უპასუხა, რომ თუ არ მოსწონდათ ფონდში გადარიცხვა, შეეძლოთ გადაერიცხათ ოჯახის წევრებზე ან ნებისმიერ მათგანზე, არჩევანის შესაბამისად და ამაზე ოჯახის ყველა სხვა წევრი დაეთანხმებოდა;
შემდეგ საბაბი გახდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მენეჯმენტმა ნახა, რომ არ აღსრულდა;
შემდეგ მოხდა მითითება სასამართლოზე, რომელიც არაერთხელ გადაიდო, თუმცა კი ამ მოთხოვნის დაცვაზეც არ ვუთხარით უარი და მივმართეთ სასამართლოს;

შემდეგ მოხდა ის, რომ სინგაპურის მოსამართლის მითითების საფუძველზე, ბანკის მენეჯმენტმა რეზოლუციაც დაივიწყა და სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობაც, ოღონდ ეს მხოლოდ სინგაპურული ტრასტის ნაწილში, ხოლო გერნსის ტრასტის ნაწილში სასამართლოს მოთხოვნა დატოვა;
შემდეგ ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ თანხის გადარიცხვა ვერ მოხდებოდა, რადგან ეს ტრასტის დახურვას გამოიწვევდა, რაც მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა.

თუკი თქვენ იფიქრეთ, რომ აქ ბანკის მენეჯმენტის ფანტაზია ამოიწურა, სამწუხაროდ – თქვენ შეცდით.

ამის შემდეგ ბანკის მენეჯმენტმა დაიწყო ზრუნვა ბატონი ივანიშვილის შვილების დაუბადებელ შვილებზე. მეტიც, ბანკმა დაიწყო დაუბადებელი შთამომავლების დაცვა ბატონი ივანიშვილის ქმედებებისგან: რომ მან ისე არ გააკეთოს, რომ შთამომავლები დაიბადონ და თანხა არ დახვდეთ. ბატონი ივანიშვილი დაუბადებელ შთამომავლებს ადვოკატები დაენიშნათ, მათ თანხას ბატონი ივანიშვილი უხდის, თუმცა ისინი მის ინსტრუქციებს არ ემორჩილებიან და დაუბადებელთა ინტერესებს დამოუკიდებლად იცავენ. აი, ამ აბსურდში მივედით საბოლოოდ.

ამავე არასერიოზულ ჟანრშია „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის შემდეგი ქცევაც: იმისთვის, რომ „კრედიტ სუისს“-ს აერიდებინა მუდმივი მითითება მის სახელზე უარყოფით კონტექსტში, მათ კლიენტს მისწერეს წერილი, რომ ტრასტის მართვა ბანკის სტრუქტურის გარეთ გაიტანეს და გარედან დაიქირავეს მენეჯმენტი. რადგან ტრასტის მართვას ბენეფიციარი აფინანსებს და, ზოგადად, მის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, ლოგიკურია, რომ ბატონმა ივანიშვილმა დასვა კითხვა: ვინ არის ის კომპანია, ვინ მართავს მის აქტივებს და ვისაც თანხას უხდის? ეს კითხვა რამდენჯერმე დაისვა, თუმცა პასუხი არ გაცემულა. მეტიც, ბატონი ივანიშვილი პერიოდულად იღებს წერილებს ტრასტისგან, რომელსაც ხელს აწერს უცნობი პირი ისე, რომ სახელი და გვარიც კი არ არის აღნიშნული, მხოლოდ გაურკვეველი ფაქსიმილიე ახლავს წერილებს და საერთოდ ვერ დგინდება, ვინ არის ავტორი. ჩვენ გვიჭირს მტკიცებით რეჟიმში საუბარი, თუმცა ამ ანეკდოტურ მოვლენას შეიძლება მხოლოდ ის ახსნა ჰქონდეს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი ისევ ბანკის მენეჯმენტიდან არის, თუმცა მის გადაწყვეტილებებზე ხელის მოწერაზე პასუხისმგებლობას შედარებით დაბალი პოზიციის მქონე პირებიდან არავინ იღებს, ამიტომ უწევთ გაურკვეველ ხელმოწერას ამოეფარონ ისე, რომ პრინციპულად არ გვითხრან გადაწყვეტილების მიმღებისა და ხელმომწერის ვინაობა.

ამ აბსურდის ფონზე, ხდება ახალი გაუგებრობა: ახალი წლის წინ, რამდენიმე დღით ადრე ბანკის ტრასტმა კლიენტს მიმართა წერილით და უთხრა, რომ მას შეეძლო სრული თანხის დაახლოებით 7%-ის ათვისება. თანხის ეს ოდენობა საერთოდ არანაირ ლოგიკურ ან ფაქტობრივ ბმას არ შეიცავს რაიმესთან. გაუგებარია, თუ რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კლიენტს შეეძლო აღნიშნული თანხის განკარგვა. ან რატომ ამდენის და არა მეტიც ან ნაკლების. გაუგებარია მოტივაციაც. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ ამის შესახებ და ვიფიქროთ, რომ ეს სინგაპურის სასამართლოს წინაშე სახის შესანარჩუნებლად გაკეთდა, სადაც განხილვა თებერვალში უნდა შემდგარიყო ან კი იმისთვის, რათა თითქოსდა სალაპარაკო არ მიეცათ ბენეფიციარისთვის, რომ ტრასტი თანხებს უკავებს. ასეა თუ ისე, ბატონმა ივანიშვილმა მისცა თანხმობა 2023 წლის 4 იანვარს, ხოლო გადმორიცხვა რეალურად ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მოხდა, ზუსტად სინგაპურის პროცესის წინ.

თანხის მიღებია შემდეგ, ბენეფიციარის მხრიდან დაისვა რამდენიმე ლოგიკური კითხვა, რაც, ნაწილობრივ, ზემოთაც გავაჟღერეთ: რა განსხვავებაა ამ გადმორიცხულ თანხებსა და დანარჩენ თანხას შორის? რატომ არის ამ ნაწილის გადმორიცხვა შესაძლებელი, ხოლო დანარჩენის – შეუძლებელი? რა თანხაა ეს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა გადმოირიცხოს და რა – არა? რა ნორმებს ეფუძნება ეს ქცევა? ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ივანიშვილის მცდელობითაც და მისგან დამოუკიდებლადაც, სწორედ ამ ქმედებების გამო ბანკი სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში იყო გახვეული წლების განმავლობაში და ამაზე საუბრობდა მთელი საერთაშორისო მედია. შესაბამისად, წლების განმავლობაში ზიანდებოდა „კრედიტ სუისს“-იც და მთელი შვეიცარიული საბანკო სექტორიც ამგვარი შეტევებით: არაერთი წელი ილახებოდა მისი იმიჯი და რეპუტაცია. ბანკის მენეჯმენტის ქმედებებზე დაკვირვებამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ეს მიზანმიმართულ ხასიათს ატარებდა, რადგან მენეჯმენტის ამ აუხსნელ ქმედებებს თეორიულადაც არ შეიძლება რაიმე სარგებელი მოეტანა ბანკისთვის, ვინაიდან განსახილველი, დაკავებული თანხები „კრედიტ სუისს“-ში საერთოდ არ იყო და არც არის.

ამ ყველაფრის ფონზე, ღიად გამოგვაქვს რა ყველა საკითხი, ყველა ფაქტი, საზოგადოების შესაფასებლად, ისევ საზოგადოება დავუტოვებთ დასკვნის საშუალებას სტატიის მთავარ კითხვაზე:

დასტურდება თუ არა, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს?

რომ დავეხმაროთ მკითხველს დასკვნის გაკეთებაში, შეგახსენებთ მხოლოდ რამდენიმე ფაქტს:

ტრასტს, რომელსაც ბენეფიციარების თანხების დაცვა ევალებოდა, 10 წლის განმავლობაში მსგავსს არაფერს აკეთებდა და სწორედ მათი მმართველობის განმავლობაში, ბენეფიციარის ზიანმა მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მარტივად მტკიცდება ბერმუდასა და სინგაპურის სასამართლოებში. მათ თავიანთი ფუნქცია არათუ სრულად, ნაწილობრივადაც კი ვერ შეასრულეს;
ამის შემდეგ კი, იუმორისტულ ჟანრს მიკუთვნებულ შემდეგ საკითხებს შეგახსენებთ და შევაჯამებთ, იმავე დასკვნის გამოტანის გამარტივების მიზნით:

პირველი: ბატონი ივანიშვილი როდესაც ითხოვს თანხის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვას, პასუხი მისდის, რომ ის ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ქველმოქმედებაში და შვილებზე შეიძლება არ იზრუნო, მათ რაიმე დააკლო და ამიტომ თანხას ვერ გადმოგირიცხავო; როდესაც, პასუხად, ბატონი ივანიშვილი უცხადებს, თავად გაანაწილეთ თანხები, როგორც საჭიროდ ჩათვლით ჩემს ოჯახზეო, რაზეც წინასწარ გეთანხმებითო, ამაზე პასუხი აღარ ყოფილა;
მეორე: „კრედიტ სუისს“-მა კიდევ ერთი, ახალი ბარიერი შექმნა და ტრასტი სამართავად მესამე პირებს გადასცა (თუკი მათ განცხადებას ვენდობით). ერთი წელიწადია ბატონი ივანიშვილი დაჟინებით კითხულობს, თუ ვინ მართავს მის ფულს, ვის უხდის ფულს მისივე აქტივების მართვისთვის, რასაც ასეთივე დაჟინებით არ პასუხობს „კრედიტ სუისს“-ი, ხოლო კლიენტი ღებულობს ამ უცნობი პირების ხელმოწერილ დოკუმენტებს ისე, რომ ამქვეყნად ვერავინი გაარკვევს, თუ ვის ეკუთვნის ხელმოწერა;
მესამე: ბანკმა რომ ვეღარ ნახა ვერანაირი საბაბი თანხის გადმორიცხვაზე უარისთვის: ვეღარც გადმორიცხვის დანიშნულება, ვეღარც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ვეღარც სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებელი წინაპირობის საკითხი, ვეღარც ის, რომ თანხის გადმორიცხვა ტრასტის დახურვას გამოიწვევდა და სხვა, ყველა საკითხი რომ ამოწურა, შემდეგ მიადგა ბოლო მიზეზს: დაუბადებელი შთამომავლები რომ არიან, მათ ზრუნვაზე არ არის კარგად გათვლილი თქვენი მხრიდან თანხის გადმორიცხვის მოთხოვნაო – უპოვარი არ დარჩნენ ბავშვები, რომლებიც მომავალში დაიბადებიანო.

გვჯერა, მკითხველს, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, სწორი დასკვნის გამოტანა ნამდვილად არ გაუჭირდება“- აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს...