„ბერლინში გამართულ ყრილობაზე გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (სდპგ) ერთხმად დაამტკიცა სამუშაო ჯგუფის შექმნა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) აკრძალვის მოსამზადებლად,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ვრცელ პოსტს უთმობს იმის ანალიზს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს სდპგ-ს ამ გადაწყვეტილებას.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ინიციატივა საშიში პრეცედენტია და პოლიტიკური ავტორიტარიზმის ნიმუშს წარმოადგენს.
„სანამ საქართველო-გერმანიის ურთიერთობების უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ელჩი, ვენეციის კონვენციაზე „ვუდუს როკვით” ახალისებს ქვეყანაში პოლიტიკურ ექსტრემიზმს, მის სამშობლოში ნაქებ ევროპულ „დემოკრატიას” და „ფასეულობებს” ცეცხლი გაუხსნეს, რაც მათ საბოლოოდ დაასამარებს კიდეც. ბერლინში გამართულ ყრილობაზე გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (სდპგ) ერთხმად დაამტკიცა სამუშაო ჯგუფის შექმნა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD) აკრძალვის მოსამზადებლად. აღნიშნული პარტია ამ დროისთვის ქვეყანაში პოპულარობით მეორე ადგილს იკავებს.
სამუშაო ჯგუფის ამოცანა იქნება შეაგროვოს მტკიცებულებები AFD -ის „კონსტიტუციასთან შეუსაბამო“ საქმიანობის შესახებ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიმართვის მომზადება ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად, ამ პარტიის აკრძალვის თაობაზე. ეს ინიციატივა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხრიდან წარმოადგენს საშიშ პრეცედენტს და პოლიტიკური ავტორიტარიზმის ნიმუშს თითქოს და „კონსტიტუციის დაცვის” საბაბით. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს:დემოკრატიული პრინციპების რღვევას: მცდელობა აიკრძალოს საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელსაც მილიონობით ამომრჩეველი უჭერს მხარს, ეწინააღმდეგება გერმანიის ძირითადი კანონის საფუძველზე დადგენილ პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს;
სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებას: სახელმწიფო სტრუქტურებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება მიუთითებს ლიბერალური დემოკრატიის ღრმა კრიზისზე, სადაც პოლიტიკური ელიტა კარგავს კავშირს ხალხთან და იწყებს ალტერნატიული შეხედულებების ჩახშობას;
არჩევნებისადმი შიშს: სდპგ და მმართველი ისტებლიშმენტი შიშობს AFD -ის პოპულარობის გამო, განსაკუთრებით მის წარმატებებთან დაკავშირებით აღმოსავლეთ გერმანიაში. პოლიტიკური დიალოგის ნაცვლად წინ წამოიწევს ადმინისტრაციული მეთოდით მოწინააღმდეგის ჩამოშორება;
ზოგადად ცუდ სიგნალს ევროპისთვის: აღნიშნული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით თუ რეალობად იქცა, შექმნის საშიშ პრეცედენტს ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის, სადაც მმართველ პარტიებს შეუძლიათ გადაიღონ მსგავსი პრაქტიკა, არასასურველი ოპოზიციის ლიკვიდაციის მიზნით „ექსტრემიზმთან ბრძოლის“ საფარქვეშ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ბრძოლა ექსტრემიზმთან – ეს არის ბრძოლა ალტერნატიულ აზრთან.
„მემარჯვენეებთან ბრძოლის“ ლოზუნგის ქვეშ გერმანიაში ცდილობენ აკრძალონ ხალხის ოპოზიცია და არა მისი „მარგინალური ნაწილი”. „სანიმუშო” ევროპული დემოკრატიის მიმართ რეალური საფრთხე არ მოდის AFD -ის ამომრჩევლებისგან, არამედ იმათგან, ვინც მზად არის გააუქმოს პოლიტიკური კონკურენცია ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს ის ძალებია, რომლებიც მიზანდასახულად ასამარებენ დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებს და ევროპაში მმართველობის ახალი ფორმების შემოღებისთვის ემზადებიან…” – წერს დავით ქართველიშვილი.