25 სექტემბერი, ორშაბათი, 2023
25 სექტემბერი, ორშაბათი, 2023

წარმატებული პოლიციელი ქალი… – ნინო ღვინიაშვილის ისტორია

მუშაობისას არაერთხელ დასთენებია…  შუაღამისას, მორიგეობის დროს, ბევრჯერ შემოუვლია უკაცრიელი ქუჩები… გულწრფელად ვიტყვი,  როდესაც დამნაშავეს ვაკავებ, ეს დიდ სიამაყეს მგვრისო, – ამბობს.

2017 წლის  30 აგვისტოს პოლიციის მაიორი გახდა.  მისთვის ეს მორიგი დიდი წარმატება იყო – მიხარია, რომ მუშაობა დამიფასდაო, – აღნიშნავს.

„არასდროს დამავიწყდება 2008 წლის 25 თებერვლის დილა. იმ დღეს სამსახურში პირველად მივდიოდი… დედამ ჩვეულებისამებრ დამლოცა და მითხრა: სანამ კარიდან გახვალ, დაფიქრდი…  თუ შეძლებ, რომ ადამიანების უფლებები დაიცვა და თავი პოლიციურ ოჯახში დაიმკვიდრო, მაშინ გზას დაგილოცავ, თუ არა და ნუ წახვალ, ჩემი თავი არავის გაალანძღვინოო… დედას პირობა მივეცი, რომ ღირსეული შვილი ვიქნებოდი.“

ცხრა წელი და ცხრა თვეა პოლიციაში მუშაობს და ფიქრობს, რომ დედის დარიგება შეასრულა. 

რა გზა გაიარა მაიორმა ქალმა ბავშვობიდან დღემდე? რა სირთულეები გადალახა, რომ ღირსეულ პოლიციელად და კეთილსინდისიერ ადამიანად დარჩენილიყო? 

ნინო ღვინიაშვილი:

ოჯახი

ოჯახში სამნი ვართ: მე,  დედა და ჩემი და. მამა – გივი ღვინიაშვილი ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მამასთან არ გავზრდილვარ, ხშირად მენატრება… სამუშაო მაგიდაზე   მისი სურათი მიდევს.  მამის ფოტოს ხშირად ვესაუბრები…

ბავშვობა

საბავშვო ბაღის პერიოდის ჩავლით, უდარდელი ბავშვობა მქონდა. დედის გადმოცემით, ძალიან მოსიყვარულე ბავშვი ვყოფილვარ. ძალიან თბილი, დამთმობი და დამჯერი ვიყავი.

სკოლა

სიღნაღის საშუალო სკოლა დავამთავრე. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში, დედა  ერთ-ერთი ორგანიზაციის ბუღალტერი იყო. მას მიზერული შემოსავალი ჰქონდა. მიზნად დავისახე, გამორჩეული მოსწავლე ვყოფილიყავი.

სწავლის პარალელურად, ვცდილობდი,  დედას  მხარში ამოვდგომოდი და შემემსუბუქებინა ის ტვირთი, რასაც ოჯახის მოვლა-პატრონობა ერქვა. მე და ჩემი და ბავშვობის ასაკიდან ვაკეთებდით ყველა საოჯახო საქმეს. მახსოვს, შვიდი წლის ვიყავი, პირველად მატყლი და თეთრეული რომ გავრეცხე. დედაც, თავის მხრივ, ცდილობდა ჩვენს გამხნევებას – საოჯახო საქმეს და გაკვეთილების მომზადებას რომ მოვრჩებოდით, ჩვენთან ერთად თამაშობდა ბადმინტონს, წრეში ბურთს… ჩვენთან ერთად გუნდაობდა და ციგაობდა.

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ კარგი მოსწავლე ვიყავი, კლასელებთან ერთად, ე.წ. შატალოზეც წავსულვარ.

შვიდი წლის ვიყავი, როცა დედა პირველად ავად გამიხდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფის მოსვლამდე, თავად მომიწია მისთვის ნემსის გაკეთება. მაშინ ნემსი პირველად გავაკეთე. შემდეგ, 11 წლის ასაკში, დედას თავზე ურთულესი ოპერაცია დასჭირდა. ვინაიდან დამხმარე არავინ გვყავდა,  ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოში დედას თვითონ ვუვლიდი. სწორედ მაშინ  გადავწყვიტე სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება, რათა ექიმი გამოვსულიყავი და მემკურნალა როგორც დედისთვის, ასევე, სხვა ადამიანებისთვის.

ოჯახში 4 სული ძროხა გვყვავდა. მე და ჩემი და, 14-15 წლისები, ნახირშიც დავდიოდით,  ბალახსაც ვთიბავდით. ეს ჩვენი ასაკის ბავშვებისთვის და მით უმეტეს, გოგონებისთვის ძალიან მძიმე სამუშაო იყო, თუმცა ამას ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებდით… ვცდილობდით, დედისთვის შრომა შეგვემსუბუქებინა.

უნივერსიტეტი

გადაწყვეტილი მქონდა, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამებარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცოდი ქიმია და ბიოლოგია, მაინც დაგეგმილი მქონდა, პირველი წელი  აბიტურიენტი ვყოფილიყავი და მომდევნო წელს მეცადა ბედი.

სკოლის დამთავრების შემდეგ, წამოვედი თბილისში, დავიწყე მომზადება. მეორე წელს მისაღები გამოცდები ჩავაბარე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.  ქულა დამაკლდა  და ფასიან ფაკულტეტზე მოვხვდი. სამოქალაქო ომის პერიოდი იყო.  ჩემს ოჯახსაც ძალიან გაუჭირდა ფინანსურად. დედა და დაც  თბილისში ჩამოვიდნენ.

სამედიცინო ინსტიტუტში სამი კურსი დავხურე. მომდევნო კურსის თანხა კი ვერ გადავიხადე, რის გამოც სწავლას დავანებე თავი და დედას და დას ამოვუდექი გვერდში. სამ მარტოხელა ქალს თბილისში თავი უნდა დაგვემკვიდრებინა, რაც ძალიან რთული  იყო. იმ დროს, არც სახლი გვქონდა თბილისში, არც შემოსავალი… მე და დედას 40-ლიტრიანი ბიდონებით ბათუმში ზეთიც კი  მიგვქონდა გასაყიდად… ყველაფერს ვაკეთებდით, რომ პატიოსანი შრომით თავი გვერჩინა…

1995-96 წლებში, დედამ ავლაბარში, საგზაო პოლიციის ეზოში მდებარე სავაჭრო ჯიხურში დაიწყო მუშაობა. თავისუფალ დროს მე და ჩემი დაც ვეხმარებოდით. ეს ჯიხური ერთ-ერთ თანამდებობის პირს ეკუთვნოდა და რომ ნახა, როგორ თავდაუზოგავად ვშრომობდით, უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანგარების გარეშე გვაჩუქა. შემდგომში, სწორედ ეს რკინის ჯიხური   გახდა ჩემი ოჯახისთვის დღისით – საარსებო წყარო, ხოლო ღამით – საძინებელი.

მიუხედავად ამისა, არასდროს დაგვიწუწუნია. ამასთანავე, ვერავინ ვერაფერს დაგვაყვედრიდა, ჩვენი კეთილსინდისიერი შრომით მოვიპოვეთ ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარული და პატივისცემა…„მუშა ფუტკრებსაც“ კი გვეძახდნენ…

შემდეგ საპატრულო პოლიცია შეიქმნა და ჩვენი სამუშაო ჯიხურიც დიღომში გადავიტანეთ.  ახლა იქ გავაგრძელეთ მუშაობა, ცოტა გავიუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები, შევიძინეთ მოძრავი საცხოვრებელი ვაგონი და თითქმის შვიდი წელი ამ ვაგონში ვცხოვრობდით, ძალიან ბედნიერები.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, კეთილ ადამიანებთან ერთად, გვხვდებოდნენ ბოროტი ადამიანებიც, რომლებშიც ცდილობდნენ, გადავეთელეთ… სწორედ ამ დროს გადავწყვიტე,   დამეცვა ჩემი ოჯახი… ჩავაბარე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, შევისწავლე კანონები და მათი მეშვეობით, ასე თუ ისე ვიგერიებდი ბოროტსა და მოშურნეს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მეორე ცვლაში. დილით დედას ჯიხურში ვეხმარებოდი, სადილს ვამზადებდი, შემდეგ სასწავლებელში მივდიოდი.  უნივერსიტეტი  წარჩინებით დავამთავრე. ჩემი ამგვარი მდგომარეობის შესახებ იცოდა რამდენიმე  ჯგუფელმა და ყოველთვის მეკითხებოდნენ,  როდის ვასწრებდი სწავლას, რადგან ყოველთვის  მომზადებული მივდიოდი… ვსწავლობდი ღამით, როცა ყველას ეძინა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე და ჩემი ოჯახი ბედნიერი ვიყავით.

მე და პოლიცია

სწავლის დამთავრების შემდეგ ისევ ჯიხურში ვმუშაობდი. ერთ დღეს, ჩემთან მოვიდა ჩემი კურსელი ია იმნაიშვილი და მითხრა, რომ თბილისის მთავარი სამმართველო ვაკანსიას აცხადებდა. მეუბნებოდა – ტყუილად ხომ არ დაამთავრე უნივერსიტეტი წარჩინებითო და მირჩია,  განაცხადი შემეტანა.

მართლაც, შევიტანე საბუთები, გავიარე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შესაბამისი კურსი და 2008 წლის 19 თებერვალს თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს ვაზისუბნის განყოფილებაში დავინიშნე. ჩემს გადაწყვეტილებას დედა და და სიხარულით შეხვდნენ. ყოველ დილით, დღესაც კი, სახლიდან გამოსვლამდე, დედა პირჯვარს მწერს, მლოცავს და ასე მიშვებს სახლიდან.

არასდროს დამავიწყდება 2008 წლის 25 თებერვლის დილა. იმ დღეს სამსახურში პირველად მივდიოდი… დედამ ჩვეულებისამებრ დამლოცა და მითხრა: სანამ კარიდან გახვალ, დაფიქრდი…  თუ შეძლებ, რომ ადამიანების უფლებები დაიცვა და თავი პოლიციურ ოჯახში დაიმკვიდრო, მაშინ გზას დაგილოცავ, თუ არა და ნუ წახვალ, ჩემი თავი არავის გაალანძღვინოო… დედას პირობა მივეცი, რომ  ღირსეული შვილი ვიქნებოდი.

ცხრა წელი და ცხრა თვეა პოლიციაში ვმუშაობ და დღეის გადასახედიდან, მჯერა, რომ დედის დარიგება შევასრულე და შეძლებისდაგვარად დავიმკვიდრე თავი ამ დიდ ოჯახში, რასაც  შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქვია.

აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ჩემს მეგობარს – ია იმნაიშვილს, რომელიც, ასევე, არის ამ დიდი ოჯახის წევრი და აქედან ვეტყვი, რომ მისი დამსახურებაა ეს ყველაფერი,  მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს კარიერაში. ია რომ არ ყოფილიყო, შეიძლება მეც არ ვყოფილიყავი ის, ვინც დღეს ვარ.

მუშაობა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად დავიწყე და დღეს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ვარ. თითქმის ყველა ეტაპი გავიარე და ამ ეტაპების გავლას, ჩემთან ერთად, სიხარულით ხვდებოდა ჩემი ოჯახი.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი წარჩინებით მქონდა დამთავრებული და კანონებიც კარგად ვიცოდი, მუშაობის დაწყების პერიოდში ბევრი სირთულის გადალახვა მომიხდა, რადგან პრაქტიკა ძალიან განსხვავდებოდა თეორიისგან. ეს სირთულეებიც იოლად გადავლახე, რადგან ვაზისუბნის პოლიციაში ძალიან კარგი ადამიანები დამხვდნენ, რომლებმაც  ბევრი რამ მასწავლეს, რასაც საქმიანობაში დღემდე ვიყენებ.

ყოველთვის მახსოვდა დედის დარიგება. ამიტომ მიზნად დავისახე, რომ ქართული პოლიციის დიდ ოჯახში ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა. შესაბამისად, მიზნის მისაღწევად თავს არ ვზოგავდი, გამუდმებით ვშრომობდი, ღამეებიც მითენებია, ვცდილობდი და დღესაც ვცდილობ, მაქსიმალურად დავუდგე ადამიანებს გვერდით და როგორც შემიძლია, ისე დავიცვა მათი უფლებები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დედის დარიგება შევასრულე.

ქალი და პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროში  ძალიან ბევრი ქალია დასაქმებული. ჩემი გადასახედიდან, არანაირად არ განსხვავდება ქალი-პოლიციელი მამაკაცი პოლიციელისგან. მაგალითად, მე, შემოვლაზეც მივლია, ღამითაც მიმორიგევია. გულწრფელად ვიტყვი,  როდესაც დამნაშავეს ვაკავებ, ეს დიდ სიამაყეს მგვრის.

ჩემი დაკვირვებით, ქალ-პოლიციელს არანაირი პრივილეგია არ აქვს პროფესიული წინსვლის კუთხით, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია. რაც შეეხება საზოგადოებაში ქალი-პოლიციელის პრივილეგიას, მე მგონია, რომ ქალ-პოლიციელს უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა აქვს საზოგადოების მხრიდან, ვიდრე მამაკაცს. ვფიქრობ, რომ ქალ-პოლიციელს უფრო მეტად შეუძლია საზოგადოება პოლიციისადმი დადებითად განაწყოს, შეუძლია, უფრო მეტად დააბალანსოს ურთიერთობა საზოგადოებასა და პოლიციას შორის.

ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქალი-პოლიციელის სამსახურებრივი ცხოვრება უფრო განსხვავებულია, ვიდრე მამაკაცი პოლიციელების ცხოვრება.  მაგალითად,  როცა ქალ- სამართალდამცველს ოჯახი ჰყავს, ეს ფაქტორი უწყებაში გათვალისწინებულია, რაც მისასალმებელია.

იმდენად დიდ სიამოვნებას მგვრის ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, რომ მუშაობის პერიოდში არანაირ დაღლას და სირთულეს ვერ ვგრძნობ. თამამად ვიტყვი, პოლიციაში არაფრის დათმობა არ მომიწია, პირიქით, რაც ვიყავი, ისევ ის დავრჩი. არც არავის მოუთხოვია ჩემგან რამის დათმობა.

ცხოვრებაში ერთადერთი იმას განვიცდი, რომ საკუთარი ოჯახი არ მყავს, მაგრამ ამას ჩემს საქმიანობას ვერ დავაბრალებ.

მიუხედავადი იმისა, რომ ბავშვობაში ყოველთვის ექიმობაზე ვოცნებობდი, ახლა, ცხოვრება რომ თავიდან დავიწყო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,  ისევ პოლიციელობას ავირჩევდი და იმ გზას გავივლიდი, რაც 2008 წლიდან დღემდე გამოვიარე. იმდენად შევიყვარე ეს საქმე, რომლის მეშვეობითაც ქვეყანას და ხალხს ვემსახურები, რომ მის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

კეთილსინდისიერი პოლიციელი

ჩემი აზრით, იყო კეთილსინდისიერი პოლიციელი იმას ნიშნავს, რომ გიყვარდეს, პირველ რიგში, შენი ქვეყანა, შენი სამსახური, ადამიანები და ამ ყველა თვისებიდან გამომდინარე, პირნათლად უნდა  ემსახურებოდე სამშობლოს და არ უნდა შეარცხვინო ის დიდი ოჯახი, რასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქვია.

2017 წლის 30 აგვისტოს  მაიორი გავხდი, რასაც მოუთმენლად ველოდი.  ეს ჩემთვის არის მორიგი დიდი წარმატება, ძალიან დიდი სტიმული და დაფასება. მივხვდი, რომ ფუჭად არ მიცხოვრია. ვისარგებლებ შემთხვევით  და კვლავ გულწრფელ მადლობას ვეტყვი  ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი შრომა და ცოდნა დააფასა და ჩემი ეს სიხარული გაიზიარა.

ვიდრე ამ სისტემაში მოვხვდებოდი, ჩემი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებდი მყოლოდა ახლო მეგობრები. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობამ კი რადენიმე ძალიან ძვირფასი და ერთგული ადამიანი შემძინა. რამდენიმე მათგანთან მეგობრობა ნათესაურ კავშირშიც კი გადაიზარდა.

ამ უწყებას ვისურვებ წარმატებებს, ბევრ კარგ სიახლეს და მუდამ ქვეყნის და ადამიანების სამსახურში ღირსეულად ყოფნას, ეს დღეს არის.

 

ავტორი: სპეციალურად საიტისთვის  – დიანა ლიპარტელიანი

ავტორი:

ბოლო სიახლეები