29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედური არჩევნებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ლევან ზალკალიანის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად კი, მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურები წარადგინა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ შუალედური არჩევნებისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად ლევან ზალკალიანის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად მანუჩარ რობაქიძის.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ ლევან ზალკალიანის კანდიდატურას. ლევანი არის წარმატებული იურისტი და საჯარო მოსამსახურე. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს ლევანი მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის, 11 წლის მანძილზე – ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. ლევანს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება. დღემდე ლევან ზალკალიანი იკავებდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას. წარმატებებს ვუსურვებთ ლევან ზალკალიანს“,-განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, პარტიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურა წარადგინა.

„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად წარმოგიდგენთ მანუჩარ რობაქიძის კანდიდატურას. მანუჩარი არის სპეციალობით ისტორიკოსი. მას დამთავრებული აქვს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს, ის იყო მუნიციპალური საკრებულოს წევრი, კერძო კომპანიებში – „ზესტაფონ გაზსა“ და „სოკარში“ მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი და ეკავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა. 2021 წელს მანუჩარ რობაქიძე დაინიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ, ხოლო 2022 წლიდან ის ასრულებს თერჯოლის მერის მოვალეობას. მანუჩარს ვუსურვებთ წარმატებებს და თერჯოლის მერად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ კანდიდატებს. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოიპოვებენ ამომრჩევლის ნდობას და აუცილებლად გაიმარჯვებენ არჩევნებში“,- განაცხადა კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები