2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

რაგბის კავშირის პრეზიდენტი – ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ დაანონსებული „ჟურნალისტური გამოძიება“ სიცრუე და შეთხზული ტყუილია

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ დაანონსებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივლისში, საქართველო-იტალიის რაგბის მატჩზე მოწვეული საპატიო სტუმრებიდან რუსეთთან კავშირში არცერთი ყოფილა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

როგორც იოსებ ტყემალაძე აცხადებს, დაანონსებული „ჟურნალისტური გამოძიება“ სიცრუე და შეთხზული ტყუილია.

„ვუყურე „ტვ პირველზე“ დღევანდელი გადაცემის ანონსს და თავს მოვალედ ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ არ შეიყვანოთ მაყურებელი შეცდომაში და არ გაავრცელოთ სრულიად მცდარი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ვერსია – თითქოს რუსი ოლიგარქი ფარულად ჩამოვიყვანე საქართველოში, ავუღე სასტუმრო და ა.შ.

სინამდვილეში: 1. 10 ივლისს ბათუმის სტადიონზე შედგა ქართული რაგბის უდიდესი გამარჯვება – პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრებმა 6 ერის წევრი იტალიის ნაკრები დაამარცხა; ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, სტანდარტული პროტოკოლით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, თანმხლები ტექნიკური პერსონალით, მწვრთნელებით, ექიმებით და ა.შ., ასევე რაგბის კავშირის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩემი ჩათვლით დავბინავდით სასტუმრო “ლიცში”, რომელიც შეირჩა ქალაქიდან გარიყული მდებარეობის გამო, რომ სპორტსმენებს ჰქონოდათ მატჩამდე სრულ სიმყუდროვეში კონცენტრირების და ძალების მობილიზების საშუალება – სწორედ ამიტომ იყო იმ კონკრეტულ პერიოდში, რაგბის კავშირის თხოვნით, სასტუმრო დახურული იყო სხვა სტუმრებისთვის.

2. ამ ისტორიულ მატჩს ესწრებოდნენ ჩარტერული რეისით მოწვეული სპორტის საერთაშორისო მასშტაბის ფიგურები და ინფლუენსერები: მარკ სტეფენსი, კეირონ დოუსონი, პოლ ვოლი, ტონი რე და ა.შ., ასევე 20-მდე საერთაშორისო ჟურნალისტი (სურვილის შემთხვევაში, მოგაწვდით სრულ სიასაც), მატჩისთვის ასევე ჩამოვიდნენ ჩემი პირადი სტუმრები (რომლებსაც ჩემი სახსრებით ვუმასპინძლე) – საერთაშორისო მასშტაბის ბიზნესმენები – მარკ ჰეინეს დანიელი და იაშა ელიგულა. პირველი გახლავთ – „ქასქადენ გრუპის“ დამფუძნებელი, რომელიც არაერთი სამეფო ოჯახის სიმდიდრეს მართავს და საინვესტიციო კონსალტინგის სფეროში სპეციალიზდება, ის ასევე ყველა საერთაშორისო ბიზნეს არხის მიწვეული ექსპერტია, როგორებიცაა: „ბიბისი-ბიზნესი“, „სიენბისი“, „სიენენ-ბიზნესი“, „ბლუმბერგი“ და სხვა. იაშა ელიგულა კი – არის უძრავი ქონების ბაზრის გლობალური ინვესტორი, მათ შორის საქართველოში, თუმცა ამ ყველა რეგალიის გარდა ორივე მათგანი გახლავთ საქართველოს და ქართული რაგბის დიდი გულშემატკივარი.ფეიკ „გამოძიებისას“ ნახსენებ დღეს, ისტორიული მატჩის წინ, 9 ივლისს, დილიდან მე, ჩემს მეუღლესთან და საპატიო სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის არავინ, თუნდაც ნათესაური კუთხით კავშირში მყოფი რუსეთთან არ ყოფილა, 3 ვერტმფრენით, რომლებიც ჩემი პირადი სახსრებით შევუკვეთე კომპანია “ავიასერვისს”, გავფრინდით და დავათვალიერეთ სვანეთი, რაჭა და დავეშვით შეკვეთილში – დენდროლოგიური პარკის მახლობლად. სტუმრებს ვაჩვენეთ საქართველოს ტურისტული, სარეკრეაციო და საინვესტიციო პოტენციალი, გადავიღეთ უამრავი ფოტო, რომელთაგან ბევრი მაშინვე განთავსდა სოციალური ქსელის გვერდებზე და ამჟამადაც ხელმისაწვდომია (თუ დაგჭირდათ, მოგვმართეთ და ასევე მოგაწვდით).

კვალიფიციური ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში რომ მოგემართათ პირადად ჩემთვის – ამ ინფორმაციას მიიღებდით გაცილებით ადრე და არ შეიყვანდით შეცდომაში მაყურებელს ამ გამიზნულად მცდარი და მავნებლური ანონსით. რაც მთავარია, გადაცემის შემქმნელებმა მეც დამირეკეს ერთი კვირის წინ ამ თემაზე პროვოკაციული კითხვით, სადაც ნათლად ავუხსენი და ვუპასუხე, რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე და შეთხზული ტყუილი. როგორც ამ მედიას სჩვევია, მათ სწორედ მსგავსი ტყუილები აინტერესებთ და ვიხილეთ კიდეც ეს შეკოწიწებული სიცრუე. დარწმუნებული ვარ, რომ ფეიკ რეპორტაჟს, როგორც სიცრუეს და ცილისწამებას გამიზნულად და წინასწარგანზრახულად მაინც გაუშვებთ ეთერში, თუმცა მაყურებელი ყოველთვის გაიგებს სიმართლეს და მათი მოტყუება არასდროს გამოგივათ”, – აცხადებს იოსებ ტყემალაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები