შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,
წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს.
დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ლ.ღ. და 1977 წელს
დაბადებული ა.ჩ. (მეტსახელად „ბუფალო“), ხოლო მძიმე დანაშაულის
შეუტყობინებლობისთვის – 1979 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „კუდალა“).
1971 წელს დაბადებული გ.მ. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა – ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20
იანვარს ნაცნობი – პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ
საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, მისი
რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად
მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პ.ჩ.-ს
ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ.
ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ
იგი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, რომელსაც ლ.ბ.
მართავდა. გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მის ოჯახის
წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ
მასზე. მოძალადეებმა პ. ჩ. იმ პირობით გაუშვეს, რომ რამდენიმე დღეში
ა.ჩ.-ის საბანკო ანგარიშზე 20 000 ლარი უნდა ჩაერიცხა, წინააღმდეგ
შემთხვევაში მას, მის მცირეწლოვან შვილს, მეუღლეს და დედას ფიზიკურად
გაანადგურებდნენ.
ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს,
სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს
ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ
ჩადენილი უკანონო ქმედებები.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ აღნიშნულ სისხლის სამართლის
საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირის გ.მ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას
ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით “მარიხუანა”.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე
მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლით, რაც
გულისხმობს დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვას, ჯგუფურად ჩადენილ
ძალადობას, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვას.