1 ივნისი, ხუთშაბათი, 2023
1 ივნისი, ხუთშაბათი, 2023

პარლამენტის დელეგაცია დუბლინში ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

ირლანდიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს, ჯერი ბუტიმერს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ასოცირებული ტრიოს ლიდერ ქვეყანას რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.

ნიკოლოზ სამხარაძემ ირლანდიელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების და 2023 წლის ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს.

ირლანდიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გარემოს დაცვისა და კლიმატის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე ირლანდიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. შეხვედრებზე მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რეფორმების დღის წესრიგი, საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლო მიმართულებები და სექტორული თანამშრომლობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

„ირლანდიელ კანონმდებლებთან ერთად გვქონდა საინტერესო დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, სადაც განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ გადადგა ბოლო წლების განმავლობაში. არსებული გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე, ირლანდიელი კოლეგები კარგად ხედავენ თუ რა გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს და ისინი მზად არიან, რომ დახმარება აღმოგვიჩინონ ყველა საჭირო მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს მხარდაჭერა გაგრძელდება და წლის ბოლოს ირლანდია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები