28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024
28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ სურს, აქციას დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანები შეუერთდნენ.

რიკოთთან იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, რომლებმაც განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დააკისრეს და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

„შექმნილი რეალობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კატასტროფული შეცდომაა დაშვებული სამი ეტაპიდან ერთ-ერთზე ან ყველა ეტაპზე თანაბრად, საუბარია გარემოზე ზემოქმედების დასკვნის მომზადების, საპროექტო ან სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ეტაპზე, ყველა შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რადგან დამკვეთი თავად სახელმწიფოა, შესაბამისად პასუხისმგებელი მონიტორინგზე და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე.

სახეზეა თანამდებობრივი გულგრილობის და დაუდევრობის კლასიკური მაგალითი, რასაც შედეგად მოჰყვება განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა. ამავდროულად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსნები იმყოფებიან ფარულ გარიგებაში სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებთან და ადგილი აქვს ინტერესთა შეუთავსებლობასა და კორუფციას.

შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, როცა საკითხი ეხება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას და სავარაუდო კორუფციულ ინტერესებს, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მისი საქმიანობით დაინტერესდნენ შესაბამისი საგამოძიებო უწყებები“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით კი, “ხელისუფლების გულგრილობის და სავარაუდო კორუფციული სქემის გამო, ფაქტობრივად თავზე გვენგრევა ახალი ინფრასტრუქტურა და ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას, ჩამოვიდნენ 9 აპრილს, 17:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე”.

„ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი ქარსელაძემ ამ პროექტს უწოდეს ევროპის მასშტაბით გამორჩეული პროექტი, რომელიც უნდა დასრულებულიყო 2023 წელს, რომელიც საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს უჯდება 3 მილიარდი ლარი. ეს არის სესხი, თუმცა ხელისუფლების გულგრილობის, დაუდევრობის, სავარაუდო კორუფციული ინტერესის გამო, ფაქტობრივად თავზე გვენგრევა ახალი ინფრასტრუქტურა, ხოლო ძველ გზაზე საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას, რომ გადაადგილდეს და ჩამოვიდეს 9 აპრილს, 17:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ამასთან, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თითქმის ერთი კვირაა პარალიზებულია, ალტერნატივის სახით შემოთავაზებული გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდა მოხმარების საავტომობილო გზა კი ვერ პასუხობს გამოწვევებს.

„მიმდინარე წლის განმავლობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა, რამაც პროცესები სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა, შედეგად კი პარალიზებულია საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ორ კონტინენტს, ევროპასა და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან და შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის ფუნქციის მატარებელია, როგორც სატრანსპორტო, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური თვალსაზრისით.

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თითქმის ერთი კვირაა პარალიზებულია, საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვერ ასახელებენ ზუსტ თარიღს, თუ როდის მოხდება მოძრაობის აღდგენა, ალტერნატივის სახით შემოთავაზებული გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდა მოხმარების საავტომობილო გზა ვერ პასუხობს გამოწვევებს და ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო ის არ შეიძლება იყოს განხილული მთავარი საავტომობილო მაგისტრალის ალტერნატივად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური პოზიციით რიკოთის საუღელტეხილო გზის დაკეტვა უკიდურესი აუცილებლობით იყო გამოწვეული, ვინაიდან ადგილი ჰქონდა მეწყერული პროცესების განვითარებას, თუმცა ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს რისკების შეფასება ჯერ კიდევ საპროექტო სამუშაოების დროს უნდა განხორციელებულიყო, რაც განისაზღვრება გარემოზე ზემოქმედების კვლევის ფარგლებში“,- აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები