27 მარტი, ორშაბათი, 2023
27 მარტი, ორშაბათი, 2023

ირაკლი კობახიძე: „ფრანკლინის კლუბისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლები, ვინც დეპუტატებზე აწარმოებდნენ ბულინგს, პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში

ლიბერალური ფაშიზმი არის ძალიან საშიში იდეოლოგია და ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ იდეოლოგიის გავრცელების პრევენცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სპორტსმენების მისამართით ბულინგზე და აღნიშნა, რომ „ფრანკლინის კლუბისა” და „გირჩის” წარმომადგენლები, იგივე ადამიანები, ვინც დეპუტატებზე აწარმოებდნენ ბულინგს, თავის დროზე პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში.

მისივე თქმით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რასაც საქართველოში არ შეიძლება გასაქანი ჰქონდეს.

„სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით ავლენენ ეს ორგანიზებული ჯგუფები საკუთარ მისწრაფებებს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. სპორტსმენებზე იყო საუბარი, სპორტსმენებზე ბულინგი. თქვენ ნახეთ, რომ სამმა გამორჩეულმა სპორტსმენმა, ბევრი გვყავს გამორჩეული, მაგრამ მათ შორის გამორჩეული სამი იყო, ვინც განცხადება გააკეთა. აქედან ორი თავის დროზე იყო განსაკუთრებული ბულინგის ობიექტი იგივე ადამიანების მხრიდან. აბულინგებდნენ, მაგალითად, თორნიკე შენგელიას იმისთვის, რომ გადავიდა „ცეესკაში”, წარმოუდგენელი მოვლენა იყო. თორნიკე შენგელია რომ გმირია, მან აჩვენა ამ ბოლო თამაშებშიც. ოთხ დღეში ჩაატარა სამი თამაში სამ სხვადასხვა ქვეყანაში. შენ რომ არ იყო პატრიოტი და იყო „გირჩელი” ამას არ გააკეთებდი. თორნიკე შენგელიამ დაამტკიცა, რომ არის ნამდვილი პატრიოტი, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიაზე იყო ბულინგი, როდესაც მას გაუკეთეს კაპიტნის სამკლავური, როდესაც „რუბინიდან“ მოდიოდა. ანუ, მას სცეს პატივი და აქაც, მერე, რომ ვნახულობდი ამ ადამიანების „ფეისბუქ“ პროფილებს, რომლებიც ახლა იყვნენ ბულინგში ჩართული, ესენი იყვნენ „ფრანკლინის კლუბისა” და „გირჩის“ წარმომადგენლები, იგივე ადამიანები, ვინც დეპუტატებზე აწარმოებდნენ ბულინგს, პირდაპირ იყვნენ ჩართულები, როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში თავის დროზე. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რასაც საქართველოში არ შეიძლება გასაქანი ჰქონდეს. ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რის პრევენციაზეც ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები