2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

იმედა კახიანი ბიძინა ივანიშვილზე – ამ კაცს რომ თავისი ქვეყანა უყვარს და დიდი ამაგი აქვს გაწეული, ამას რომ არ დაინახავ, მაშინ აღარაფერი მესმის

ბიძინა ივანიშვილი თუ საგინებელია და აღარ ვიცი, თავს ვერ დავდებ, როგორი პოლიტიკოსია, მაგრამ ამ კაცს რომ თავისი ქვეყანა უყვარს და დიდი ამაგი აქვს გაწეული, ამას რომ არ დაინახავ, მაშინ აღარაფერი მესმის! – ამბობს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მსახიობი იმედა კახიანი.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში რომ უნივერსიტეტი ააშენა, მარტო ის რომ გაეკეთებინა და მეტი არაფერი, უკვე მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტია.

„შეიძლება რაღაცაში შეცდეს, მაგრამ კი არ უნდა მოვკლათ და გავაგდოთ, უნდა ვუთხრათ, ვურჩიოთ, ერთად ვიმსჯელოთ… მე მიკვირს, რა ბუნების არის ეს კაცი, ყოველდღე რომ აგინებენ და კიდევ რაღაცას აშენებს, სულ სიკეთეს თესავს! კაცო, ხეებს იპარავდაო და სირცხვილი არ არის?! რა ხეებს იპარავდა, სად წაიღო? პარკი გააკეთა ევროპასა და მსოფლიოში საუკეთესო და გამორჩეული. რუსეთში იშოვა ფული და რუსული სუნი ასდისო. რას ასდის რუსული სუნი? – ქუთაისში რომ უნივერსიტეტი ააშენა, მარტო ის რომ გაეკეთებინა და მეტი არაფერი, უკვე მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტია! მარტო ლექციებს კი არ კითხულობენ, კვლევითი ცენტრიც არის იქ. თეატრი, კინო, ყველაფერი მან აღადგინა! გავაგდოთ ეს კაცი?! დავით აღმაშენებელმა გელათი ააშენა… ამან სამებისნაირი კიდევ ბევრი ააშენა! ჩვენი, სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც მართლაც შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა… რა ქნა ამ კაცმა? – ვინმეს რამე წაართვა, ქვეყანა სხვას ჩააბარა, შეარცხვინა თუ რა გააკეთა? რუსეთის გუბერნიად გადაგვაქციაო და ძალიან დიდი ტყუილია ეგ! საქართველო მთელი თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე ხარკს უხდიდა ბერძნებს, არაბებს, მონღოლებს, თურქებს, ბოლოს – რუსებს… გარდა იმისა, რომ ოქრო-ვერცხლს აძლევდა, საუკეთესო გოგო-ბიჭები მიჰყავდათ… მარტო გლეხების კი არა, მეფის შვილებიც… ეს წარსული ჰქონდა ქვეყანას და რაღაცაში ობიექტური ხომ უნდა ვიყოთ?! ცოტა ხანს იყო ქვეყანა დამოუკიდებელი, ისიც იმ დროს, როცა ჩვენ ირგვლივ ძლიერი სახელმწიფოები (ირანი, საბერძნეთი) დასუსტდნენ, თან მაშინ გენიალური მეფეები გვყავდა. ეს არის რამდენიმე შემთხვევა და პერიოდი საქართველოს ისტორიაში. დანარჩენი სულ ხარკს ვიხდიდით, თან საშინელ ხარკს. დღეს მე მაგალითად ვამჩნევ, როგორი მონდომებაა ევროპიდან, საქართველო ევროკავშირში შეიყვანონ და აუცილებლადაც შეიყვანენ… ვხედავთ, როგორი მონდომებაა რუსეთიდანაც! ორივე დაინტერესებულია, რადგან ღმერთმა ასეთი ქვეყანა გვარგუნა, აქ დაგვასახლა. ევროპისა და აზიის დაკავშირება საქართველოს გარეშე არ გამოდის… აქ ბევრი ინტერესია და ამ ყველაფრით უნდა ვისარგებლოთ! რუსეთს ომს თუ გამოვუცხადებთ, დავამარცხებთ? რუსეთიდან ინიშნებოდა ცეკას მდივნები, მაგრამ რუსები ვერ ბედავდნენ ისე აქტიურად ქვეყნის საქმეებში ჩარევას, რასაც ზოგიერთი ბედავს… ბოლოსდაბოლოს, მართლა მონები ვართ? შენ ვინ გეკითხება ჩემს ქვეყანაში მინისტრად ვის დავნიშნავ?! პატარა ქვეყანას ადვილად ერევიან, მაგრამ ჩვენ პატარა კი არა, საჭირო ქვეყანა ვართ და ძალიან ვჭირდებით ამერიკასაც, ევროპასაც და რუსეთსაც! ჩვენი მეგობარი არცერთია, ყველა თავის თავზე ზრუნავს! ჩვენი უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და ვინც ნაკლებად იქნება ჩვენთვის მავნე, საქმე მასთან დავიკავოთ!“ – ამბობს იმედა კახიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები