30 იანვარი, ორშაბათი, 2023
30 იანვარი, ორშაბათი, 2023

თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემის მოგვარების მიზნით, პროგრამის შექმნა დაავალა.

კახა კალაძის თქმით, სხვა უბნებში უკვე მიმდინარეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, თუმცა, საჭიროა, შემუშავდეს მიდგომა  ისტორიულ არეალებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობებისთვის.

„დედაქალაქში 10 000-მდე შენობა-ნაგებობა გვაქვს სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხით. როგორც მოგეხსენებათ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ინიცირება ასევე ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოხდა, არის ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა. ამ პროგრამის განხორციელება 2022 წლიდან დავიწყეთ. დაწყებულია ერთი საპილოტე პროექტის განხორციელება. მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ამავე დროს, 25 საცხოვრებელ კორპუსზე მიმდინარეობს მოკვლევა სხვადასხვა ეტაპზე. ზოგ პროექტზე მიმდინარეობს სამშენებლო ნებართვის პროცედურები, ზოგან მზადდება პროექტი, თუმცა, გვაქვს ერთი პრობლემა: ავარიული სახლების ჩანაცვლება არ არის გათვალისწინებული ისტორიულ უბნებში. ვინაიდან ამ უბნებში განაშენიანების პარამეტრები მკაცრად არის შეზღუდული, ამ არეალებში წესიდან გამონაკლისია დადგენილი. ის მიდგომები, რაც გვაქვს სხვადასხვა უბნებში, რაიონებში, ჩვეულებრივ სივრცეებში, ისტორიულ უბნებში არ გამოიყენება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს აღნიშნულ პროცესში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და გამგეობების ჩართვა სთხოვა.

„დავდოთ კონკრეტული პროგრამა, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ძალიან ბევრი წერილი შემოდის მუნიციპალიტეტში იმასთან დაკავშირებით, რომ ისტორიულ უბნებში ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ვერ ახერხებენ და მოგვმართავენ ჩვენ. ცხადია, მუნიციპალიტეტი ყველა ავარიული სახლის განახლება-რეაბილიტაციას ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი რაოდენობაა. ამიტომ, აუცილებელია, შეიქმნას კონკრეტული პროგრამა, სადაც ბიზნესის ჩართულობით შესაძლებელი იქნება აღნიშნული ცვლილებების განხორციელება – ამ სივრცეების მოწესრიგება და რეაბილიტაცია.  მესმის, რომ ეს საცხოვრებელი სახლები არის კერძო  საკუთრება, მაგრამ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს საკუთარი უძრავი ქონების კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაცია და მოწესრიგება. ამიტომ, გავალებთ, რომ მუნიციპალიტეტმა გარკვეული პროგრამა შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს, მერიასთან თანამშრომლობით და კოორდინაციით გაიუმჯობესონ საცხოვრებელი გარემო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები