23 მარტი, ხუთშაბათი, 2023
23 მარტი, ხუთშაბათი, 2023

თამთა მეგრელიშვილი: ერთ დროს პოლიტიკური ზევსები, ახლა საკუთარ ბუნაგში ერთმანეთის დასაჯიჯგნად ემზადებიან

„17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული საზოგადოება შესძრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაუგონარი სისასტიკით, დაუსჯელობის სრული შეგნებით ჩადენილი დანაშაულის ამბავმა, რომელიც მოიცავდა ორი ადამიანისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთას და ბოლოს, ერთ-ერთი მათგანის მკვლელობას“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და მისი მკვლელობის თანამონაწილენი, ეს “ნაციონალური მოძრაობის” ჯალათები ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები პარტიის გადასარჩენად იბრძვიან.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მისი პათოლოგიური წევრებით უკვე განწირულია.

„17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული საზოგადოება შესძრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაუგონარი სისასტიკით, დაუსჯელობის სრული შეგნებით ჩადენილი დანაშაულის ამბავმა, რომელიც მოიცავდა ორი ადამიანისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთას, მათ ქალაქგარეთ სასაფლაოზე წაყვანას, მათ მიმართ დამამცირებელ, სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, და ბოლოს, ერთ-ერთი მათგანის მკვლელობას, თანაც იმ ხალხის მიერ, რომლებსაც სამსახურეობრივად ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სხვა სიკეთეთა დაცვა ევალებათ. ამ საქმეში აღსანიშნი იყო დამნაშავეთა მიმართ სახელმწიფოს უპრეცედენტოდ ლმობიერი დამოკიდებულება რაც გამოვლინდა საგამოძიებო ორგანოების მიერ საქმის არაჯეროვნად გამოძიებაში, წინასწარი გამოძიების ეტაპზე დამნაშავეთა ერთ საკანში მოთავსებაში, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების არასწორ კვალიფიკაციაში, მათთვის შეუფერებლად მსუბუქი სასჯელის დადგენაში და ბოლოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დამნაშავეთა შეწყალებაში და მათთვის თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ვადის განახევრებაში, რასაც საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვა დამნაშავეთა გათავისუფლება დაკავებიდან სულ რაღაც სამწელიწადნახევარში. ევროპულმა სასამართლომ გასაოცრად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დ. ახალაიამ არ აიცილა თავი საქმის გამოძიებისაგან, მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე 2006 წლის 2 თებერვალს მაინც მისთვის უკვე ცნობილი იყო, დანაშაულის შესაძლო მონაწილეებს შორის მისი უახლოესი კოლეგები რომ უნდა ყოფილიყვნენ. სასამართლომ გამაოგნებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმაც, ვანო მერაბიშვილმა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ამ საქმესთან რაღაც კავშირი უნდა ჰქონოდათ მის ხელქვეითებს და, შესაძლოა მის მეუღლესაც, არათუ არ გადასცა სისხლის სამართლის საქმე სხვა უწყებას, რაც, სასამართლოს თქმით, „შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი პროფესიონალური და გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა“, არამედ დ. ახალაიას გამოძიების გაგრძელება დაავალა, ანუ გამოძიებას აკლდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რამაც დაღი დაასვა გამოძიების შემდგომ მსვლელობასაც. სასამართლომ ძლიერი წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ პროკურატურამ არ გამოავლინა და არ დაკითხა ის პირები, რომლებთანაც დანაშაულის ჩადენის ღამეს მუდმივი კავშირი ჰქონდათ, როგორც ოთხ მსჯავრდებულს, ისე კაფეში მსხდომ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ჯგუფს. სასამართლოს თქმით, საგამოძიებო ორგანომ „არ შეიწუხა თავი“, რათა დაედგინა, თუ ვის ეკუთვნოდა განსაკუთრებით ერთი სატელეფონო ნომერი, რომელზეც იმ ღამეს გამუდმებით რეკავდნენ, როგორც დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებული გ. ალანია, ისე კაფე შარდენში შეკრებილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ პირების ვინაობის დადგენას, ვისთანაც ჰქონდა შესაბამის პერიოდში კავშირი დანაშაულის ოთხ აღმსრულებელს, აშკარად ჰქონდა მნიშვნელობა საქმის გულმოდგინედ და ობიექტურად გამოძიებისათვის. ევროპულმა სასამართლომ „გამაოგნებელი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ პროკურატურამ არ გამოიკვლია სანდრო გირგვლიანის სხეულზე აღმოჩენილი ჭრილობების, განსაკუთრებით ყელის არეში მიყენებული ჭრილობის გარემოებები. სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციამ, რომელსაც იმ დროს სათავეში დ. ახალაიას ძმა ბ. ახალაია ედგა, ოთხი ბრალდებული ერთ საკანში მოათავსა. სასამართლომ უმნიშვნელოვანეს დარღვევად მიიჩნია საქართველოს სასამართლო ორგანოების სისტემატური უარი, მიეცათ სანდრო გირგვლიანის მშობლებისათვის საქმის მასალების შესწავლისათვის საკმარისი დრო და საშუალებები, რითაც მათ წაერთვათ უფლება, ჯეროვნად მოემზადებინათ თავიანთი პოზიცია სასამართლოში გამოსასვლელად. სასამართლომ „გამაოგნებელი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ასეთ რთულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლოებმა ჯეროვნად არ გამოიკვლიეს ძალზე მნიშვნელოვანი 14 მტკიცებულება და ასევე დაუსაბუთებლად უარი უთხრეს დაზარალებულებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის მნიშვნელოვანი დამატებითი მტკიცებულებების თაობაზე შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ კვლავ „გამაოგნებელი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ როგორც სასამართლოებმა, ისე პროკურატურამ „თვალი დახუჭეს“ ლ. ბუხაიძის ამჯერად უკვე სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომლის თანახმად, მეოთხე თავდამსხმელი ო. მელნიკოვი იყო, რომელიც, ლ. ბუხაიძის თქმით, განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა მასაც და სანდრო გირგვლიანსაც. ევროპული სასამართლოს თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა სრული უმოქმედობით უპასუხეს სანდრო გირგვლიანის ოჯახის მოთხოვნებს, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე ო. მელნიკოვის წინააღმდეგ. ევროპულმა სასამართლომ „მიუღებელი“ უწოდა ასეთ „შერჩევით მიდგომას“, რადგან, მისი თქმით, გამოძიების ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია, რომ სასამართლოს დასკვნები ეფუძნებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის გულმოდგინე, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. ზემოთქმულისა და სხვა გარემოებების საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სანდრო გირგვლიანის მშობლებს თვითნებურად წაართვეს უფლება, ქმედითი მონაწილეობა მიეღოთ სასამართლო განხილვაში. ხოლო, რაც შეეხება თვითონ სასამართლო პროცესის ხასიათს, ევროპული სასამართლოს შეფასებით, მან მთლიანად დაადასტურა ის ფაქტი, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ სურვილი, დაედგინათ სრული ჭეშმარიტება სანდრო გირგვლიანის გატაცებისა და სიკვდილის გარემოებების ირგვლივ. დღეს 28 იანვარია, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღე და მისი მკვლელობის თანამონაწილენი, ეს “ნაციონალური მოძრაობის” ჯალათები ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები პარტიის გადასარჩენად იბრძვიან. ერთ დროს პოლიტიკური “ზევსები” ახლა საკუთარ ბუნაგში ერთმანეთის დასაჯიჯგნად ემზადებიან. “ნაციონალური მოძრაობა” მისი პათოლოგიური წევრებით უკვე განწირულია. პოლიტიკური სისხლის გადასხმა ვერაფრით გამოდის, რადგან მათი სისხლი სხვა ყველა სისხლთან შეუთავსებელია!“- წერს მეგრელიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები