30 იანვარი, ორშაბათი, 2023
30 იანვარი, ორშაბათი, 2023

თამარ მახარაშვილი საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესის პირველი ეტაპი – ტესტირება 22 იანვარს, 12:00 საათზე ერთ სესიად ჩატარდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისში მდებარე საგამოცდო ცენტრებს ეწვია და ტესტირების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

თამარ მახარაშვილი ტესტირების დაწყებამდე დირექტორობის მსურველებს პირადად გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.

მისი თქმით, საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტებისთვის  მშვიდი, კომფორტული და აკადემიური გარემო იყო უზრუნველყოფილი, სადაც მათ თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მიეცათ.

ტესტირება, სხვადასხვა უწყებასთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით ჩატარდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 49 საგამოცდო ცენტრი. ტესტირებისთვის რეგისტრაცია 3 205-მა  დირექტორობის მსურველმა გაიარა, ადგილზე კი 1839 აპლიკანტი გამოცხადდა.

ტესტირების ხანგრძლივობა 5 საათს შეადგენდა, ხოლო მხედველობის პრობლემის მქონე დირექტორობის მსურველებს, შესაბამისი განაცხადისა და სამედიცინო დასკვნის წარდგენის საფუძველზე, დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცათ.

აპლიკანტები ტესტირების შედეგების გაგებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდისა https://emis.ge/ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდის https://directors.mes.gov.ge/ მეშვეობით რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის მითითებით შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვის მიზნით, 2022 წელს დაიწყო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლის დირექტორობის თითოეული მსურველისთვის 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომია უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და შესაბამისი კონსულტაციები. ჩატარებული ვებინარების ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე – https://el.ge/webinars/subjects/101?filter=ended.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები