29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ვანო მერაბიშვილი: რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით

“მინდა გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის.”– წერს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

“სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია.
რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი. უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა. რუსეთი მტერია, უკრაინა გაიმარჯვებს და მასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, საქართველოც გავა სამშვიდობოზე. სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო!” – წერს ვანო მერაბიშვილი. 
ცნობისთვის:

გიორგი რურუამ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეტა ყოფილი მინისტრი რუსეთთან საეჭვო კავშირებში დაადანაშაულა. რურუა საკუთარ ფეისბუქ სტატუსში ამტკიცებს, რომ მერაბიშვილი გავლენების აღდგენას მანკიერი მეთოდებით ცდილობს.

კიდევ ერთი მხარდამჭერი, რომელიც მერაბიშვილის სავარაუდო რუსულ კავშირებზე საუბრობს, თეა თუთბერიძეა. აქტივისტს, ქვეყნის ხერხემლად წოდებული მერაბიშვილისგან, ციხის კადრების გავრცელებაზე სურს პასუხი. თუთბერიძე, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში ცხოვრობს – არც იმას გამორიცხავს, რომ ექს-პრემიერი ომის დროს რუსული ინტერესების გამტარი ყოფილიყო.

მელიას მხარდამჭერების ბრალდებებს, მერაბიშვილის მიმართ პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს ლევან ხაბეიშვილი. ის, შს ყოფილი მინისტრის სუფთა პოლიტიკურ წარსულში დარწმუნებულია. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი თანაგუნდელებს მერაბიშვილის 7 წლიან პატიმრობას ახსენებს და ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

არაფორმალური მმართველობით ნაციონალურ მოძრაობა მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვისაა განწირული – ასეთია ნიკა მელიას ფლანგის პოზიცია, ვანო მერაბიშვილის ქმედებებზე. ფარული ჩანაწერებით მანიპულირება და შანტაჟი – ის მეთოდებია, რომელიც მათი თქმით, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას წარსულ შეცდომების გზაზე აბრუნებს.

უკვე რამდენიმე კვირაა ბრალდებების მიუხედავად მედიასთან თავად ვანო მერაბიშვილი არ ჩნდებოდა. “ნაციონალური მოძრაობა” ახალ თავმჯდომარეს 28 იანვარს აირჩევს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები