7 თებერვალი, სამშაბათი, 2023
7 თებერვალი, სამშაბათი, 2023

„არქიმ“ ივენთზე ის ოჯახები არ მიიწვია, რომლებსაც სერვისის გადასახადი არ ჰქონდათ გადახდილი

2022 წლის 17 სექტებერს არქიმ არქელებისთვის მორიგი საზეიმო ღონისძიება გამართა. აღანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ღონისძიება კომპანიის იმ მობინადრეებისთვის აღმოჩნდა დახურული, რომლებსაც 17 სექტემბრამდე სერვისის ღირებულება არ ჰქონდათ გადახდილი.

„არქი ვუდის“ კომპლექსში ვცხოვრობთ. მეზობლისგან შევიტყვეთ, რომ დაგეგმილ ღონისძიებაზე იმ ოჯახებს არ ეპატიჟებოდნენ, რომლებსაც სერვისის ღირებულება არ ჰქონდათ გადახდლი.

ერთი შეხედვით არასერიოზულად ჟღერდა. გულწრფელად გეტყვით, კომპანიისგან, რომელიც აღებული ვალდებულებების დიდ ნაწილს არ ასრულებს და მათი დაპირებები პრობლემების მოგვარების ნაწილში უამრავი საარჩევნო დაპირებასავით აუსრულებელი რჩება, დიდად საიმედო პროგნოზის გაკეთების საფუძველს არც ამ საკითხთან დაკავშირებით გვაძლევდა, ამიტომაც გადავამოწეთ.

არქის თანამშრომელს, ანას, რომელსაც კომპლექსის მობინადრეების პრობლემების ხელმძღვანელობასთან მიტანა და შესაბამისად უკუკავშირი ევალება ვკითხეთ: შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს, რომ კომპლექსისი მობინადრეებს იმიტომ უკეტავდნენ ღონისძიების კარს, რომ იმ წამისთვის სერვისის გადსახადი არ ჰქონდათ გადახდილი. პასუხი მაინც გაგაოგნებთ… ანამ მითხრა, რომ – დიახ, ვისთანაც არ მოხდა დაკავშირება და მოწვევა, ეს იმიტომ რომ სერვისის ღირებულება არ ჰქონდათ გადახდილი და ეს კომპანიის უპატივცემულობააო…

ახლა გავშალოთ თემა, რომელი სერვისის ღირებულების გადაუხდელობის გამო „დასაჯა“ მობინადრეები „არქიმ“.

სერვისის ღირებულება, რომელსაც მობინადრეები ყოველთვიურად ვიხდით საცხოვრებელი ფართის კვადრატულობით განისაზღვრება და 1 კვ.მ. 40 თეთრი გვიჯდება. ამ თანხის სანაცვლოდ მოაცხოვრებლებმა უნდა მივიღოთ – ლიფტის გამართული მომსახურება, სუფთა ლიფტები, დაცული და ასევე დასუფთავებული სადარბაზოები.  იმ გადსახადის სანაცვლოდ, რომელსაც მაცხოვრებლების უმეტესობა პატიოსნად იღებს და ზოგსაც შესალოა გადახდა დაუგვიანდეს (და ამით თავად მობინადრე ზარალდება, რადგან სერვისის გადაუხდელობის შემთხვევაში ვერ სარგებლობს ლიფტით) მოსახლეობა ვერ იღებს გამართულ სერვისს. ლიფტები მუდმივად ბინძურია, სადარბაზოები დღემდე არ დალაგებულა საფუძვლიანად, სადარბაზოს არც ერთი კარი არ იკეტება. ორი სადარბაზოდა 1 სადარბაზოს კარი უკვე მწყობრიდანაა გამოსული უხარისხობის გამო, დღემდე არ ფუნქციონირებს დომოფონები.

მოკლედ რომ ვთქვათ – „არქიმ“ „არქი ვუდის“ კომპლექსის მობინადრეების ნაწილს უთხრა: ჩვენ რომ ვალდებულება ავიღეთ და არ გისრულებთ, რაშიც თქვენ თანხას გვიხდით…  ჩვენ რომ არაფრისკეთებაში თანხის გადახდა დაგვიგვიანეთ, აი, ამის გამო გსჯითო. (თემაა ისეთი, ირონიასაც ვერ უძლებს…).

ჰოდა, ძვირფასო არქი, შეურაცხყოფა ის კი არ არის, ამ ყველაფერში ხალხმა საშუალოდ 50 ლარის გადახდა რომ დაგიგვიანათ, შეურაცხყოფა ის არის, დიღმის მასივში ხალხს რომ 3000 კვ.მ. ფართობ რეკრეაციულ ზონაში განთავსებულ საცხოვრებელ კომპლექსს დაპირდებით, დიდუბეში რომ საბურთალოს ფასებს გადაგიხდიან და რეალურად ბეტონის ჯუნგლებს შეაჩეჩებთ, დიახ, ბეტონის ჯუნგლებს, რადგან ამ დრომდე არ ასრულებთ დაკისრებულ ვალდებულებების დიდ ნაწილს, დღემდე არ აშენებთ საბავშო ზონას, ის სივრცე კი, რომელიც რეკრეაციული უნდა ყოფილიყო საპარკინგე სივრცედ და ფულის საჭრელ საშუალებად აქციეთ. (ამიტომაც გამართულ ღონისძიებას “არქი ვუდის” მობინადრეების უდიდესი ნაწილი პროტესტის ნიშნად არ დაესწრო).

ამ ფრაზას იყენებთ ხშირად – „არქი – ერთი დიდ ოჯახი“…. ეს სლოგანი რომ გააზრებული გქონდეთ, გეცოდინებოდათ, რომ დიდ და თბილ ოჯახებში ერთმანეთს კარს სოციალური საკითხების გამო არ უხურავენ.

20 სექტემბერი, 2022

ავტორი:

ბოლო სიახლეები