2 მარტი, შაბათი, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

აკაკი ბობიხიძე: მიხეილ სააკაშვილმა უნდა გაუძლოს, რადგან ეს არაა ის ხელისუფლება, რომელზედაც დასავლეთი მოქმედებს, გადალახეს ეგ ზღვარი

სოლიდარულები მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღესაც ვართ, ოღონდ, ვინც დღეს ეუბნება, რომ ხვალ ხალხმრავალი მიტინგი იქნება და არ დაიშლება, იტყუება, ვერ ვხედავ ამ განწყობას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხმრავალ აქციებს დაიწყებს, პირველივე დღეებში არ შეურთდება, რადგან მიიჩნევს, რომ “თუ მეორე დღესვე დაშლას აპირებენ”, მაშინ მის აქციაზე ყოფნას აზრი არ აქვს.

„მაშინაც კი, როცა მისი პარტია არ იყო მის გვერდში, ჩვენ ვიდექით მის გვერდში და პირველი განცხადებები მიშას დაკავებასთან დაკავშირებით რომ წამოვიდა დასავლეთიდან, იყო „ევროპული საქართველოს“ ინიცირებული. ჩვენ ვეხმიანებოდით ყველას და ვეუბნებოდით, რომ ცუდი პროცესები შეიძლება დაიწყოს. მისი პარტია მიშას ტაშს უკრავდა, როდესაც ის იწყებდა ჯანმრთელობისთვის მძიმე შიმშილობას, ამბობდნენ, საკმარისია, მიშა ცუდად გახდეს და გაგიჟებული ერი გამოვარდება ქუჩაში. კი მაგრამ მამაცხონებულო, მაინც და მაინც ცუდად უნდა გახდეს?

სოლიდარულები მის მიმართ დღესაც ვართ, ოღონდ, ვინც დღეს ეუბნება, რომ ხვალ ხალხმრავალი მიტინგი იქნება და არ დაიშლება, იტყუება, ვერ ვხედავ ამ განწყობას. ამიტომ, როცა მეკითხებიან შევუერთდები თუ არა აქციას, ამას წინათ პასუხი გავეცი, რომ მეშვიდე დღეს შევუერთდები ხალხმრავალ აქციას. თუ შვიდი დღის გაძლებას არ აპირებ, თუ მეორე დღესვე იშლები, მაშინ გამაგებინეთ, რატომ ითხოვ ასე სასოწარკვეთით შემოერთებას, ერთდღიან მიტინგს ერთი კაცით მეტი ეყოლება თუ ნაკლები რა მნიშვნელობა აქვს. მიტინგის ზომას მნიშვნელობა აქვს, როცა ამბობ, რომ ახლა იწყებ ისეთ რაღაცას, რომელსაც გამარჯვებამდე მიიყვან და მანამდე არ გაჩერდები. თუ მეშვიდე დღეს იქ არ დამხვდი, მაშინ მართალი ვყოფილვარ, რომ ამ მოქმედებას აკეთებ, როგორც “მოქმედებას მოქმედებისთვის”.

მე სოლიდარობას იმაში გამოვხატავ, რომ მიშას ვეუბნები იმ მწარე სიმართლეს, რა რეალობაშიც დღეს ვართ. მან უნდა გაუძლოს, თავის ჯანმრთელობას რამენაირად თვითონ უნდა მიაქციოს ყურადღება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელზედაც დასავლეთი მოქმედებს, გადალახეს ეგ ზღვარი უკვე, იყო დრო, როდესაც დასავლეთის აზრს კიდევ ითვალისწინებდნენ, აღარ ითვალისწინებენ უკვე.

ის ადამიანები, ვინც მიშას დახსნას ითხოვს დღეს, რატომღაც პასუხისმგებლობას მე მაკისრებენ და არა იმ ადამიანებს, ვინც ასობით ათასი ადამიანის დახვედრას ჰპირდებოდა. იმათ მოსთხოვონ პასუხი. რატომ არ სთხოვენ იცით? ისინი დღესაც „მიშა, მიშას“ იძახიან და ამ „მიშა, მიშას“ ძახილში უფსკრულში მიაქანებენ მიშასაც და რაც უფრო ცუდია, ქვეყანას“, – განაცხადა აკაკი ბობიხიძემ.

ამასთან, აკაკი ბობოხიძის თქმით, ცრუ ერთობაზე საუბარი ადამიანებს ყალბ წარმოდგენებს უქმნის, რადგან „ყველას ერთად თავს თუ მოუყრი, ვერ მოვიგებთ“.

„ადამიანებს ყალბ წარმოდგენას ვუქმნით ერთიანობაზე, რომ მაინც და მაინც ყველამ ერთად მიშას დროშა ავიტაცოთ, ან ბობოხიძის, ან გახარიას. არა, ხალხო, ჩვენ ყველამ ჩვენ ჩვენი დროშით უკან უნდა დავრაზმოთ ადამიანები“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები