28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024
28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

ათონელი ბერი ლევან ბერძენიშვილზე: ადამიანი თქვენს შვილებს ასწავლის, რომ ერეკლე მეფე იყო მოღალატე, ამით წამლავს და რყვნის მომავალ თაობას

ათონელი ბერი მამა ნეოფიტე მეფე ერეკლესთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვიდეო მიმართვაში ათონელი ბერი ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც ებრძვის ღმერთს, დედა ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენს სამშობლოს, მომავალ თაობას და მას შეურაცხყოფა კი არ მიაყენეს, სიმართლე უთხრეს პირში.

მისივე თქმით, ლევან ბერძენიშვილი მომავალ თაობას ასწავლის, რომ ერეკლე მეფე იყო მოღალატე, ამით წამლავს და რყვნის მათ.

„ლევან ბერძენიშვილს მიაყენეს შეურაცხყოფაო. შეურაცხყოფა რომ მიაყენეს ჩვენს მართლმადიდებლობას, დედა ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს, სასულიერო პირებს, შეურაცხყოფა რომ მოგვაყენეს ჩვენ მაგით, თითოეულ ჩვენგანს, ეგ არავისთვის არაფერს ნიშნავს? მაგას შეურაცხყოფა კი არ მიაყენეს, სიმართლე უთხრეს პირში. ეგ არის ადამიანი, რომელიც ებრძვის ღმერთს, დედა ეკლესიას, ებრძვის ჩვენს პატრიარქს, ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენს სამშობლოს, თითოეულ თქვენგანს, მომავალ თაობას, თქვენს შვილებს, იმათ, რომლებიც ოჯახში გეზრდებათ, რომლებიც უნდა გაიზარდონ ვაჟკაცებად, ღმერთის ერთგულებად, რომლებმაც თავი უნდა შესწირონ ღმერთის ერთგულებაში ცხოვრებას. ადამიანი მომავალ თაობას, თქვენ შვილებს ასწავლის, რომ ერეკლე მეფე იყო მოღალატე, ამით წამლავს და რყვნის მომავალ თაობას. და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, სარეველა ბალახივით რომ არის ამოსული. დაუდექით გვერდში ჩვენს უფალს, თქვენს სამშობლოს, დედა ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს და იმ სასულიერო პირებს, რომლებსაც თითიდან გამოწოვილი მიზეზებით შეურაცხყოფას აყენებენ და ინტრიგებს ხლართავენ. შეცდომაში შეჰყავხართ. დავუდგეთ გვერდში ჩვენს დედა ეკლესიას, რომელმაც დღემდე მოგვიტანა ჩვენი საყვარელი სამშობლო, საქართველო და დღემდე მოგვიყვანა ჩვენ. მართლმადიდებლობაა ყველაზე დიდი ზნეობა და იმიტომ ებრძვიან, ამ ათასი გახრწნილი, საშინელი რაღაცეებით, რაც დღეს ტელევიზიით გადმოიცემა და რყვნიან მომავალ თაობებს“, – ამბობს მამა ნეოფიტე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები