“ვაცხადებ რომ სიტყვების „ხელოვნება ცოცხალია და თავისუფალი“ დამწერი უწიგნური ვინმეა! ალბათ, ისეთივე, როგორც დღეს „მოღვაწე“ ბევრი „ხელოვანი.” – აღნიშნულის შესახებ “პოს Tv”-ს გენერალური პროდიუსერი შალვა რამიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
“რამდენიმე სიტყვა იმაზედ რომ ხელოვნება „ცოცხალია და თვისუფალი“…
ხელოვნება არის ზეიდეების ასახვა მატერიაში. პლატონის მიხედვით იდეები მეტაფიზიკურ სამოსახლოში იმყოფებიან. ხელოვანმა უნდა შეიგრძნოს ამ იდეის არსი და ისე გამოსახოს რომ ეს უკანასკნელი მაყურებელ-მსმენელისთვის გასაგები გახდეს. რამდენადაც ზუსტად გამოისახება ან ქვაში, ან ტექსტში , ან მუსიკაში თუ ფერთა გამაში ესა თუ ის იდეა – იმდენადაა გენიალური ამ იდეის გამომსახველი ხელოვანი.
ნიცშეს მიხედვით ხელოვანს ორი საწყისი უნდა ჰქონდეს. დიონისიური – რომელითაც ინტუიტიურად, ემოციურად და გნებავთ ირაციონალურად აღიქვამს ამა თუ იმ იდეას და აპოლონიური (რაციონალური) რომლის მეშვეობით ამ იდეას ასხავს ხორცს.
აგერ ანა ახმატოვაც იგივეს ამბობს.
Когда б вы знали, из какого сора Растут стихи, не ведая стыда, Как желтый одуванчик у забора, Как лопухи и лебеда. Сердитый окрик, дегтя запах свежий, Таинственная плесень на стене… И стих уже звучит, задорен, нежен, На радость вам и мне.
შესაბამისად ხელოვნება არაა თავისუფალი. ის ამ ორ იპოსტასს (აპოლონიურსა და დიონისურს) შორის იმყოფება და იმდენ შემთხვევით არსზეა დამოკიდებული რომ თუ ჩავუღრმავდებით გაგვიკვირდება კიდეც რამდენად ექვემდებარება გარეგან თუ შინაგან იმპულსებს.
ეს ჩვენ განვიხილეთ ტრანსცედენტურად თუ რა აბსურდია ხელოვნების „თავისუფლება“.
ახლა ოდნავ მიწაზე დავეშვათ.
საუკუნეების მანძილზე ხელოვნება ძლიერთა ამა ქვეყნისათა მიერ დაკვეთილ პროპაგანდას ემსახურებოდა. შედევრები ან ეკლესიის ან იმპერატორთა „ზაკაზით“ იქმნებოდა. ეს ჭეშმარიტებაა და ამაზე დავა არც ღირს. და თქვენ გგონიათ ახლაა სხვა დრო? განა დღესაც არაა დამოკიდებული ნებისმიერი ხელოვანი დაკვეთაზე? ჰკითხეთ ამ საქმის მცოდნეებს: გალერისტებს, პროდიუსერებს და მისთანებს.
კიდევ უფრო თუ დავეშვებით ცოდვილი მიწისკენ ამ სფეროში სახელმწიფოს როლი უნდა მიმოვიხილოთ. სახელმწიფო ხალხის სახელით ოპერირებს ნებისმიერ დარგში. ის ფულს სწორედ ხალხის სახელით ხარჯავს. ამიტომ კონტროლი და ცენზურა მისი არა ახირება- არამედ პირდაპირი მოვალეობაა.
სწორედ ამიტომ ვაცხადებ რომ სიტყვების „ხელოვნება ცოცხალია და თავისუფალი“ დამწერი უწიგნური ვინმეა! ალბათ ისეთივე როგორც დღეს „მოღვაწე“ ბევრი „ხელოვანი“.“- წერს შალვა რამიშვილი.
ინფორმაციისთვის, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.